გიორგი ცუცქირიძე: ქვეყანა ერთი კაცის დღის წესრიგზე ვერ იქნება მორგებული; ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად
“გლობალური ეკონომიკური შოკებისას არა მხოლოდ მოთხოვნის და მიწოდების აწყობილი ჯაჭვები ირღვევა, არამედ იგი დიდ დაღს ადამიანების გამწყობებსაც, ადამიანურ ურთიერთობებსაც ასვამს”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, საზოგადოების ერთიანობის რღვევა და პოლარიზაცია კიდევ უფრო სახიფათო ხდება.
“ადამიანები კარგავენ სამსახურს და ყოველდღიური შემოსავლის წყაროს, არასტაბილურობა იწვევს აპათიასთან ერთად, დეპრესიასაც, რაც ეკონომიკაზე კიდევ უფრო მეტი ნეგატიური ზეგავლენით ხასიათდება.
კიდევ უფრო სახიფათო ხასიათს იძენს საზოგადოების ერთიანობის რღვევა და პოლარიზაცია. ის რასაც დღეს საქართველოში ვაკვირდებით მაღალი პოლარიზაციის სახით, არა მხოლოდ პოლიტიკური რადიკალიზაციის, არამედ პანდემიური შოკის თავისებური გამოძახილიც არის.
როგორც დიდი დეპრესიის პერიოდში ალაბამის შტატის ერთ პატარა ქალაქში 6 წლის გოგონას, ჯინ ლუიზა ფინჩის თვალით დანახული მოვლენები გვასწავლის, რა არის კარგი და რა – ცუდი უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანური წარმოდგენები ხშირად იცვლება, და ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სიყვარული და სამართლიანობაა და ღმერთიც სიყვარულია…ხამს მოყვარე, მოყვრისათვის, თავი ჭირსა არ დამრიდად, ეს ხომ ჩვენივე წარსული და ისტორიული უღელტეხილების შეხსენებაა.
სხვა, უკეთესი ქართველობა არსად არ არის, და ვერც ვერსაიდან მოვა. თუ ჩვენ ამ გაუტანლობის და ლამის შიზოფრენიის ატმოსფეროს არ დავძლევთ, გაცილებით დიდი განსაცდელისას, ვერც ერთმანეთს გავიტანთ და ეს ქვეყანაც არსებობას შეწყვეტს. ისტორიულად, შიდააშლილობების სავალალო შედეგები, ხომ ისედაც ვიწვნიეთ. რაღა შორს წავიდეთ, ჭკუის სასწავლებლად, გასული საუკუნის 90’იანი წლების მოვლენებიც საკმარისზე მეტია.
ქვეყანა ერთი კაცის დღის წესრიგზე ვერ იქნება მორგებული, ჩვენ უნდა ვისწავლოთ სხვა წარმატებული ერების მსგავსად, თანაცხოვრება განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად. დაპირისპირების ეს ყველასათვის ერთნაირად წამგებიანი კლოუნადაც უნდა დასრულდეს.
სამართალიც ურმით არ უნდა დაირებოდეს, ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტი კი იმაში გამოიხატება, თუ როგორ მოვეპყრობით თუნდაც პატიმარს და როგორ იქნება მისი ღირსება დაცული!
გამოფხიზლებას, მოთმინებას და მშვიდობას გისურვებთ”, – წერს გიორგი ცუცქირიძე.