ეკატერინე ტიკარაძე: ბოლო პერიოდში სახეზე მივიღეთ ქვეყანაში შიმშილობის ეპიდემია, რომელიც იყო დაუშვებელი
“მიხეილ სააკაშვილს რუსთავშიც და გლდანშიც უტარდებოდა ყველა საჭირო ღონისძიება და ნამდვილად არ იყოს საჭირო ის მღელვარება, რომელიც საზოგადოებაში მუდმივად ისმოდა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გორის ჰოსპიტალთან ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალი, სადაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს თანხმობის შემთხვევაში გადაიყვანენ, სრულად არის აღჭურვილი იმ აპარატურით, რაც მიხეილ სააკაშვილის მკურნალობას სჭირდება.
„პირველ ყოვლისა, მადლობას ვუხდი ექიმებს, რომლებიც მონაწილეობდნენ კონსილიუმებში. მათი როლი იყო ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი. ასევე, მადლობას ვუხდი იმ ექიმებს, რომლებიც მკურნალობდნენ სააკაშვილს. მათ აიღეს მაღალი პასუხისმგებლობა, გამოიჩინეს მაღალი პროფესიონალიზმი და განვლეს ძალიან რთული გზა, ვინაიდან ისინი ბულინგის მსხვერპლი იყვნენ. ჩვენ, ექიმები არ ვარჩევთ პაციენტებს და ყოველთვის ვიღებთ გადაწყვეტილებებს პაციენტის სასარგებლოდ. მნიშვნელოვანია, რომ ექიმის ხელშეუხებლობა იყოს დაცული და ეს აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული სამომავლოდ. მიხეილ სააკაშვილს რუსთავშიც და გლდანშიც უტარდებოდა ყველა საჭირო ღონისძიება და ნამდვილად არ იყოს საჭირო ის მღელვარება, რომელიც საზოგადოებაში მუდმივად ისმოდა. ბოლო პერიოდში სახეზე მივიღეთ ქვეყანაში შიმშილობის ეპიდემია, რომელიც იყო დაუშვებელი. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდით, ყველა მოშიმშილისთვის მიგვექცია მაქსიმალური ყურადღება, ბევრი დეპუტატის მდგომარეობა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუარესდა. სააკაშვილმა დადო პირობა, რომ შეწყვეტს შიმშილობას და ამას მოჰყვება დანარჩენი მოშიმშილეების ანალოგიური გადაწყვეტილებები. იმედი მაქვს, რომ შემდგომში საზოგადოება და პოლიტიკოსები გამოიჩენენ მაღალ პასუხისმგებლობას და ჩვენ თავს ავარიდებთ საპროტესტო აქციებს. გორის ჰოსპიტალი სრულად არის აღჭურვილი იმ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რომელიც ესაჭიროება სააკაშვილს. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი გამოსულია მწყობრიდან, არ შეესაბამება სიმართლეს. ის ტექნიკურად გამართულია, მიმდინარეობს პროგრამული განახლება და პაციენტი აუცილებლად და შეუფერხებლად მიიღებს ყველა საჭირო სერვისს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.