ლევან დავითაშვილი – „მინდა, მადლობა გადავუხადო პროექტს – „ზრდა საქართველოში“ ხუთწლიანი წარმატებული თანამშრომლობისთვის და მადლიერება გამოვხატო აშშ-ის მთავრობისა და ხალხის მიმართ”
საქართველოს ვიცეპრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანთან, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის ხელმძღვანელ პიტერ ვიბლერტან და ევროპასა და აზიაში „ქემონიქს ინტერნეშენალის“ ვიცეპრეზიდენტ ტატიანა დუდკასთან ერთად, USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ დახურვის ღონისძიებას დაესწრო.
„აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს დიდი ხნის პარტნიორია არაერთი მიმართულებით. პროექტი „ზრდა საქართველოში“ ჩვენი სამინისტროს მნიშვნელოვანი მხარდამჭერი იყო. 5 წლის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, მრავალი ღონისძიება ჩატარდა, ათეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. პროექტი თანამშრომლობდა როგორც კერძო სექტორთან, ფერმერებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, ასევე, სახელმწიფო უწყებებთან. პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება იყო გამახვილებული გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ საჭიროებებზე.
უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის მიმდინარეობა და განხორციელება სრულად იყო თანხვედრაში სამინისტროს პოლიტიკასთან. ჩვენ გვქონდა მჭიდრო კოორდინაცია და თანამშრომლობა პროექტის ყველა ეტაპზე. მინდა მადლობა გადავუხადო პროექტს „ზრდა საქართველოში“ ხუთწლიანი წარმატებული თანამშრომლობისთვის და მადლიერება გამოვხატო აშშ-ის მთავრობისა და ხალხის მიმართ”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელმა, ქეთევან ჭუმბურიძემ დეტალური პრეზენტაცია წარადგინა 5 წლიანი პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა და მიღწეული შედეგების შესახებ. პროექტის „ზრდა საქართველოში“ ფარგლებში და მისი მხარდაჭერით, 41 861 603 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღეს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებმა; 1 241 ბიზნესსუბიექტმა გაზარდა გაყიდვები პროექტის დახმარებით და მიიღო მეტი შემოსავალი; შეიქმნა 3 500 სამუშაო ადგილი, მათ შორის, 1 706 სრულგანაკვეთიანი; 18 480 ოჯახის შემოსავალი გაიზარდა 25%-ით; 45%-ით გაიზარდა მედეგობის ინდექსი პროექტის სამიზნე 81 თემში საარსებო წყაროებთან დაკავშირებული შოკების და რისკების მიმართ; 5 119 ბენეფიციარს გაეზარდა მედეგობა საარსებო წყაროებთან დაკავშირებული შოკების და რისკების მიმართ; საქართველოს მთავრობისგან და სხვა სტრუქტურებთან ინფრასტრუქტურული და არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, პროექტმა 6 196 794 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია მოიზიდა; პროექტის სამიზნე რეგიონებში მცხოვრები 26 070 ბენეფიციარი სარგებლობს განახლებული ინფრასტრუქტურით. USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ მიზნად ისახავდა მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას; სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლების ზრდას; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას და განვითარებას, რამაც, საერთო ჯამში, ხელი შეუწყო პროექტის სამიზნე რეგიონებში მცხოვრები ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მდგრადობას.
პროექტის „ზრდა საქართველოში“ ხორციელდებოდა საქართველოს 6 რეგიონის 81 თემში, მათ შორის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებსა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებში.