დიტო საძაგლიშვილი – სააკაშვილის სავარაუდო გადაყვანაზე: არ მინდა, რომ სპეკულაცია გამომივიდეს, თუმცა, ცხადია, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება
“არ მინდა, რომ სპეკულაცია გამომივიდეს, თუმცა, ცხადია, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს და არ გამორიცხავს, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი სხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს.
საძაგლიშვილის თქმით, მას კონტაქტი აქვს მე-18 სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმ მანანა ელეფტეროვასთან, რომელმაც ადვოკატებს განუცხადა, რომ თავად ეკონტაქტა სააკაშვილს და ის დაწესებულებაში იმყოფება.
„არ ვიცი, ნამდვილად, წარმოდგენა არ მაქვს. ქალბატონმა მანანამ მითხრა, რომ თავად ეკონტაქტა დილიდან რამდენჯერმე მიხეილ სააკაშვილს. შესაბამისად, მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ამჟამად მე-18 დაწესებულებაში იმყოფება. ბუნებრივია, ვერაფერს გამოვრიცხავ იმიტომ, რომ გვახსოვს, ადრე პენიტენციური სამსახურის მოქმედებები. არ მინდა, რომ სპეკულაცია გამომივიდეს, თუმცა, ცხადია არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს ესკორტის მოძრაობასთან დაკავშირებით, რაც მედიაში გავრცელდა“, -განაცხადა საძაგლიშვილმა.
რაც შეხება გორის სამხედრო ჰოსპიტალს, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ იქ არ არის საჭირო აღჭურვილობა, რაც შესაბამისი გამოკვლევების ჩასატარებლად აუცილებლად უნდა იყოს.
„რეალურად, მიხეილ სააკაშვილი უკვე დიდი ხანია, გადაყვანილი უნდა ყოფილიყო სამოქალო სექტორის საავადმყოფოში, რომელიც დააკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რაც კონსილიუმმა განსაზღვრა, ასევე, სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა, ასევე „ემპათიამ“ და მისმა ექსპერტების ჯგუფმა“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.