ლომჯარია კობახიძეს პასუხობს: აღნიშნული რიტორიკა სცილდება სამართლებრივ ჩარჩოს

“აღნიშნული რიტორიკა სცილდება სამართლებრივ ჩარჩოს, წარმოადგენს დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოსა და მის ექსპერტებზე თავდასხმისა და დაშინების მცდელობას და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების ეროვნულ და საერთაშორისო ვალდებულებებს”, – ამის შესახებ ომბუდსმენის სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც ნინო ლომჯარია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრალდებებს პასუხობს.

ნინო ლომჯარია კობახიძეს კანონმდებლობას ახსენებს, რომლის მიხედვითაც სახალხო დამცველს უფლება აქვს, მოიწვიოს ექსპერტები და სპეციალისტები საექსპერტო საქმიანობის შესასრულებლად.

“სწორედ ეს უფლებამოსილება გამოიყენა საქართველოს სახალხო დამცველმა 2021 წლის 16 ნოემბერს და მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების შეფასების მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა (https://bit.ly/3x7au60). აღნიშნულის შემდეგ მპგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტების გარეშე ცდილობს ისაუბროს სახალხო დამცველისა და ექსპერტების „შესაძლო სამომავლო პასუხისმგებლობაზე“ გარკვეული აბსტრაქტული მიზეზებით. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებზე/ექსპერტებზე ზეწოლის მცდელობას მათი პროფესიული ნიშნით გამოთქმული მოსაზრებების გამო, რომელიც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისო პრინციპებს”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველის ოფისი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, ეუთო/ოდირ-ის, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და ომბუდს გაერთიანებებს მიმართავს და მოუწოდებს, შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და თავიანთი მანდატის ფარგლებში შესაბამისი შეფასება მისცენ მას.

“პარიზის პრინციპებისა და ვენეციის პრინციპების საწინააღმდეგოდ, საქართველოს სახალხო დამცველს ექმნება დაბრკოლებები მისი მანდატის განხორციელებისას და არსებობს რისკი, სამომავლოდ, ექსპერტებმა უარი განაცხადონ სახალხო დამცველთან თანამშრომლობაზე.

კიდევ ერთხელ გვსურს, მადლობა გადავუხადოთ კვალიფიკაციითა და კეთილსინდისიერებით გამორჩეული სამედიცინო დარგის სპეციალისტებს, რომლებმაც მოახერხეს შემჭიდროვებულ ვადებში შეფასების მომზადება (https://bit.ly/3qPJ17Q). ასევე მოვუწოდებთ შესაბამის პროფესიულ გაერთიანებებს მათი მხარდაჭერისკენ”, – აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები