ნიკოლოზ სამხარაძე: მე-18 დაწესებულებიდან სააკაშვილის სხვაგან გადაყვანა პოლიტიკური სპეკულაციის საგანია
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხი პოლიტიკური სპეკულაციის საგანია.
„ექიმების პირველ კომენტარში საუბარი იყო, რომ მე-18 დაწესებულება კარგად აღჭურვილია, იქ არიან კვალიფიციური ექიმები და შეთამაშების პრობლემა არისო. ეს საფეხბურთო კლუბია, შეთამაშების პრობლემა რომ ჰქონდეთ ექიმებს? გამოყოფილია ექიმები, რომელთაც აქვთ ცოდნა და გამოცდილება. თურმე, ეს ადამიანები რესპუბლიკური საავადმყოფოდან კონტრაქტით არიან გადაყვანილი. გამოცდილება, რაც მათ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჰქონდათ, ციხის საავადმყოფოში არ გადმოყვებათ? გამოცდილება სად წავიდა? თუ აპარატურა კარგია, მაშინ დგას კითხვა მიხეილ სააკაშვილის სხვაგან გადაყვანაზე? ეს არის პოლიტიკური სპეკულაციის საგანი და ამას არანაირი საერთო აღარ აქვს არც ჯანმრთელობასთან, არც ექიმების დასკვნასთან, ეს არის პოლიტიკური თამაშები და პოლიტიკური ახირება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.