თბილისის მერისა და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასაცავად. როგორც მან აღნიშნა, მე-18 დაწესებულებას აქვს ყველაზე დიდი გამოცდილება, თუ როგორ უნდა უმკურნალოს პატიმრებს შიმშილობის შემდეგ.
„ვნახეთ, როგორაა აღჭურვილი არსებული საავადმყოფო, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, თავისი ტექნოლოგიებითა და ექიმების ჯგუფებით. ვერ მოვისმინეთ, რა არის საჭირო, რომ პოსტშიმშილობის პერიოდი პატიმარმა უპრობლემოდ გაიაროს. ერთადერთი კლინიკა, ეს არის მე-18 დაწესებულება, რომელსაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს, როგორ უმკურნალონ შიმშილობის შემდეგ პატიმრებს. თუ რაიმე დასამატებელია ამ კლინიკაში, თქვან ექიმებმა და დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სამსახური, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რათა პატიმრის ჯანმრთელობა დაცული იყოს. სახელმწიფო ყოველთვის ყველაფერს აკეთებდა მოშიმშილე პატიმრებთან მიმართებით, რომ მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული იყოს. რა თქმა უნდა, პატიმარ სააკაშვილის მიმართებაშიც ყველაფერს გააკეთებს. სტრასბურგის სასამართლოსა და ჩვენი ყველას მოწოდებაა, რომ ყველა მოშიმშილე ადამიანმა შეწყვიტოს შიმშილობა, ისევ და ისევ მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე”, – განაცხადა კალაძემ.