სოზარ სუბარი: ვეთანხმები პრეზიდენტს, არ შეიძლება, „ქართული ოცნება“ თუნდაც ერთ რამეში დაემსგავსოს „ნაციონალურ მოძრაობას“
“პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 100 %-ით ვეთანხმები იმაში, რაც თქვა – არ შეიძლება, „ქართული ოცნება“ თუნდაც ერთ რამეში დაემსგავსოს „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ეს იქნება „ქართული ოცნებისა“ და ქართული სახელმწიფოს სირცხვილი”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა პრეზიდენტის ბრიფინგის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნების” მკაფიო, გამოხატული პოზიციაა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია და განსხვავება მმართველ გუნდსა და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის სწორედ ეს არის.
„ადამიანის უფლების დარღვევა, ადამიანების წამება ციხეებსა და პოლიციაში, ასევე, სასამართლოს არარსებობა, საკუთრების უფლების უხეში ხელყოფა და ადამიანების უფლების უკიდურესი იგნორირება, ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა იყო და თუნდაც მათ ერთ რამეში რომ დავემსგავსოთ, ეს იქნება სირცხვილი და, საერთოდ, მართლა უარს ვიტყოდი პოლიტიკაში ყოფნაზე. მადლობა ღმერთს, არ არსებობს პუნქტი, რომელშიც შეიძლება, რაიმე მსგავსება დაისვას. მათ შორის, მათი ფსევდოდასავლურობა და სინამდვილეში, რუსეთის ინტერესების სამსახური, რაც თუნდაც, სტრასბურგის 2008 წლის რეზოლუციაში ყველაზე მკაფიოდ გამოჩნდა. ჩვენი მკაფიო, გამოხატული პოზიციაა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციაზე, განსხვავება ჩვენ შორის სწორედ ეს არის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარის თქმით, მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელების მიზანი იყო, საზოგადოებას დაენახა, რომ პატიმრის მიმართ უფლებები არ ირღვეოდა.
„რაც შეეხება კადრების გამოქვეყნებას, სამარცხვინო იყო ის კადრები, სადაც ჩანს, იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ყოფილი პრეზიდენტი როგორ აგინებს სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლებს, როგორ ესხმის მათ თავს ფიზიკურად, ასევე ექიმებს და ციხის თანამშრომლებს. ეს არის სირცხვილი, როცა პრეზიდენტი ასე იქცევა. ალბათ, ამის გამოქვეყნება ლამაზი არ იყო დასანახად, მაგრამ აუცილებელი იყო, რათა ქართული და საერთაშორისო საზოგადოება დარწმუნდნენ, რომ ტყუილი იყო მტკიცება, რომ 10 ოქტომბრიდან მოყოლებული, ბოლო საათებს ითვლიდა სააკაშვილი, ვერ დგებოდა და ვერ ლაპარაკობდა, უმძიმეს ვითარებაში იყო.
ასევე თითქოს მის მიმართ უფლებები დაირღვა, თმებით ათრიეს, სცემდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ქართულმა და საერთაშორისო საზოგადოებამაც სრულიად საპირისპირო რაიმე დაინახეს, შესაბამისად, აუცილებლობა იყო, რომ ეს კადრები გამოქვეყნებულიყო. პრეზიდენტს ვეთანხმები იმაში, რომ სამარცხვინო იყო სააკაშვილის კადრები, როგორც თავად იქცეოდა, მაგრამ იმ ნაწილში, მის მიმართ რა ქცევასაც ჰქონდა ადგილი, მისი არც ერთი უფლება არ დარღვეულა. როცა ვსაუბრობთ სააკაშვილზე, როგორც ყოფილ პრეზიდენტზე, როგორც პატიმარზე, მის მიმართ გაცილებით მეტი ყურადღებაა საჭირო და ეს ყურადღება გამოიხატება იმაში, რომ როცა სხვა პატიმრები შიმშილობენ, კონსილიუმები არ იქმნება, სამოქალაქო ექიმები არ მორიგეობენ და ამ შიმშილობას ციხის ადმინისტრაცია და სავაადმყოფო მართავენ, სააკაშვილის შემთხვევაში კი, განსხვავებული ნორმაა და ეს არის სწორი, რადგან სხვანაირად არ შეიძლება ყოფილიყო“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კანონის წინაშე ყველა ერთია და შესაბამისად, ყოფილი პრეზიდენტის დაკავებაც კანონის უზენაესობის პრინციპებიდან გამომდინარეობს. თუმცა, მისივე თქმით, ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი ვერ იქნება რიგითი პატიმარი, ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, როგორ მოვეპყრობით მას.