ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ჩვენი ქვეყნის ანტისიმბოლოა
“მიხეილ სააკაშვილი არის ჩვენი ქვეყნის ანტისახე, ანტისიმბოლო – ადამიანი, რომელიც აწამებდა, კლავდა, არის სახელმწიფოს ანტისახე და არა – სახე”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის გადაყვანის კადრების გავრცელებას ოპოზიცია ითხოვდა.
“კადრების გავრცელებას ითხოვდა რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი ყველა მედიასაშუალება. საზოგადოება რომ შეცდომაში შეყვანილი არ ყოფილიყო, მოხდა კადრების გასაჯაროება. ყველამ წინასწარ იცოდა, რა თქმა უნდა, რომ კადრები არ იქნებოდა ლამაზი სანახავი, ეს იცოდა “ნაცმოძრაობამ”, მისმა მედიამ, მაგრამ მაინც ითხოვდნენ გასაჯაროებას, საბოლოოდ, მედიამ იხილა ეს კადრები, რომელიც არ იყო ლამაზი სანახავი, თუმცა, სააკაშვილი ასეთ მდგომარეობაში არაერთხელ გვიხილავს, მათ შორის, გორში, როცა ერქვა მას მთავარსარდალი, უკრაინაში, როცა თმებით ათრევინა თავი სამართალდამცავებს. მესამედ იხილა ის საზოგადოებამ ასეთ მდგომარეობაში. ეს არის მიხეილ სააკაშვილის სახე. ის არის ჩვენი ქვეყნის ანტისახე, ანტისიმბოლო, რომელიც აწამებდა, კლავდა. ადამიანი, რომელიც აწამებდა, კლავდა, არის სახელმწიფოს ანტისახე და არა – სახე”, – განაცხადა კობახიძემ.