რომან გოცირიძე: მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ ანტივაქსერული განწყობილებით
”სანამ ქვეყნის მოდერნიზაციის გეგმას დავსახავდეთ, ძალიან კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რა ტიპის საზოგადოებასთან გვაქვს საქმე”, – ამის შესახებ დეპუტატი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სიბნელესა და უმეცრებას მხოლოდ განათლება და მეცნიერება ამარცხებს.
“სანამ ქვეყნის მოდერნიზაციის გეგმას დავსახავდეთ, ძალიან კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რა ტიპის საზოგადოებასთან გვაქვს საქმე. ამაში სამი ფაქტი დაგვეხმარება:
– მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა ვართ წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის მაჩვენებლით,
– მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ ანტივაქსერული განწყობილებების მიხედვით,
– ქრისტიანულ სამყაროში უპირობო ლიდერი ვართ ეკლესიისადმი (თანაც, ასეთი ეკლესიის) ნდობის რეიტინგში (მნიშვნელოვნად ვუსწრებთ მეორე და მესამე ადგილზე მყოფ ირლანდიასა და პოლონეთს).
ამ სურათს ისე სწრაფად ვერ შეცვლი, როგორც – საგადასახადო კოდექსს ან თუნდაც სასამართლო სისტემას. ეს არაერთი ათწლეულის საქმეა.
სიბნელესა და უმეცრებას მხოლოდ განათლება და მეცნიერება ამარცხებს”, – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.