“მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, შეწყვიტოს დესტრუქცია, შეწყვიტოს შიმშილობა და დაასვენოს ეს ქვეყანა. თვითონაც დაისვენებს, მგონი, მინიმუმ 6 წელი, სადაც იჯდება”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას ხალხის მხარდაჭერა არ აქვს.
„პოლიტიკაში წარმატებას, საარჩევნო წარმატებასაც და ქუჩაში წარმატებასაც სჭირდება ერთი და იგივე რამ, ხალხის მხარდაჭერა. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა და ამას თვითონაც ხედავენ გამომდინარე იქიდან, რომ არ არის მუხტი ქუჩაში. როგორც არ ჰქონდათ მუხტი არჩევნებზე, ასევე არ აქვთ მუხტი ქუჩაში. აქედან გამომდინარე, გადადიან ისინი რადიკალურ ნაბიჯებზე. მათ და, პირველ ყოვლისა, მიხეილ სააკაშვილს მოვუწოდებ, რომელიც კვირაზე მეტია, არ ასრულებს სტრასბურგის მოწოდებას – შეწყვიტოს დესტრუქცია, შეწყვიტოს შიმშილობა და დაასვენოს ეს ქვეყანა. თვითონაც დაისვენებს მგონი, მინიმუმ 6 წელი, სადაც იჯდება“, – განაცხადა კობახიძემ.