დავით სერგეენკო – სააკაშვილზე: თუკი რეალურად აღმოჩნდება, რომ იქ არ არის შესაბამისი პირობები, უნდა იზრუნონ გადაყვანაზე – პოლიტიკის ჩარევა გადაწყვეტილების მიღებაში რევს სიტუაციას
“მე ნამდვილად გულწრფელად მჯერა, რომ თუ ექიმებს მიეცემათ საშუალება, ობიექტური, ყველასთვის აღქმადი სურათი დადონ, რომ გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში ადეკვატური პირობები არის, მაშინ კითხვები უნდა გაქრეს გადაყვანაზე”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ პატიმრობაში მყოფ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღებაში პოლიტიკის ჩარევა სიტუაციის არევას უწყობს ხელს.
“მე ნამდვილად გულწრფელად მჯერა, რომ თუ ექიმებს მიეცემათ საშუალება, ობიექტური, ყველასთვის აღქმადი სურათი დადონ, რომ იქ ადეკვატური პირობები არის, მაშინ კითხვები უნდა გაქრეს გადაყვანაზე, თუკი რეალურად აღმოჩნდება, რომ იქ არ არის შესაბამისი პირობები, რა თქმა უნდა, უნდა იზრუნონ გადაყვანაზე. ჩემი აზრით, პოლიტიკის ჩარევა ამ გადაწყვეტილების მიღებაში რევს სიტუაციას. მე არ მეშინია სიტყვა კრიზისის ხსენება, ვახსენებ კრიზისი კი ბატონო, შეგვიძლია სხვა ტერმინი დავარქვათ, არის დაძაბულობა, რომელმაც პოტენციურად შეიძლება, საფრთხე შეუქმნას პაციენტის ჯანმრთელობას. აცალონ ექიმებს და ძალიან სწრაფად მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.