სამტრედიის მერიაში მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო-სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო დღეს პირველად შეიკრიბა.
სხდომა სამტრედიის მერმა დავით ბახტაძემ გახსნა, საბჭოს წევრებს წარმატებები უსურვა და გამოთქვა იმედი, რომ მათი მუშაობა ნაყოფიერი იქნება.
“შეხვედრას ესწრებოდა საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ ჯამბურია. საბჭოს უფლებამოსილებას განეკუთვნება მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული, სოციალური და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების, ასევე, ბიუჯეტი განხილვა საკრებულოში წარდგენამდე და რეკომენდაციების შემუშავება. საბჭოს საქმიანობის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, მერსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა, მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენა და დაცვა მერის საქმიანობაში. მერის სათათბირო ორგანო -სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნათა შესაბამისად მერის უფლებამოსილების ვადით შეიქმნა. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სარეკომენდაციო ხასიათისაა და სავალდებულო ძალა არ აქვს”,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სამტრედიის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.