იენს სტოლტენბერგი: საქართველო და უკრაინა ნატო-ს მჭიდრო პარტნიორები არიან

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ევროკავშირი წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრაზე საქართველოსა და ალიანსის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-ს მჭიდრო პარტნიორია.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, სამხედრო მოქმედებების გამჭვირვალობითა და დაძაბულობის შემცირების გზით თავიდან აიცილოს ესკალაციები.

“ნატო-ს სამხედრო ძალები ჰყავს შავი ზღვის რეგიონში. ნაწილობრივ იმიტომაც, რომ რეგიონის სამი სახელმწიფო ნატო-ს წევრია – რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი, ორი ქვეყანა კი ახლო პარტნიორი – საქართველო და უკრაინა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვვარჯიშობთ, ვმოქმედებთ, ვართ ამ რეგიონში, მაგრამ ეს არ არის საფრთხე რუსეთისთვის. ეს არის მთლიანად თავდაცვითი სამხედრო ყოფნა. ასევე, არის სიგნალი იმისა, რომ ნატო ყოველთვის არის თავისი მოკავშირების გვერდით და დაიცავს მათ ნებისმიერი საფრთხისგან. ეს მნიშვნელოვანია ნატო-ს სიძლიერისა და მზაობის დემონსტრირებისთვის, მით უფრო, უსაფრთხოების არაპროგნოზირებად გარემოში.

ჩვენ ვხედავთ ძალების უჩვეულო კონცენტრაციას. ვნახეთ, რომ რუსეთმა ერთხელ უკვე გამოავლინა ნება, გამოიყენოს ეს ძალები მეზობლების – უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ,
ამიტომ, მოვუწოდებთ რუსეთს, იყოს გამჭვირვალე სამხედრო აქტივობებში, შეამციროს დაძაბულობა და თავიდან აიცილოს რაიმე ესკალაცია. ეს არის ნატო-ს ყველა მოკავშირის მკაფიო გზავნილი.

უკრაინა და საქართველო ნატო-ს ახლო პარტნიორები არიან. ჩვენ მათ მხარდაჭერას ვუცხადებთ, ვეხმარებით და ვთანამშრომლობთ და პატივს ვცემთ იმ ფაქტს, რომ შავი ზღვის რეგიონში ერთად ვმუშაობთ, რაც კარგია არა მარტო მათთვის, არამედ – ნატო-ს მოკავშირეებისთვის. შავი ზღვის რეგიონი ნატო-სთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ნატო ეხმარება უკრაინასა და საქართველოს წვრთნებით, შესაძლებლობების ფარგლებში, სამხედრო თვალსაზრისით პროგრესირებაში. ალიანსის წევრები მომავალი წლის ივნისში სამიტზე და უახლოეს მინისტერიალზეც ძლიერ მხარდაჭერას დააფიქსირებენ ნატო-ს უახლოესი პარტნიორების მიმართ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ჩვენ რიგაში შევხვდებით ერთად უკრაინასა და საქართველოს.

მისივე თქმით, მოლოდინშია, რომ უახლოეს მომავალში უკრაინის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა შედგება.

“მოუთმენლად ველოდები ორივე ქვეყნის – უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან საუბარს. დმიტრი კულებას გუშინ შევხვდი და, რა თქმა უნდა, რიგაში ალიანსს შესაძლებლობა ექნება ძლიერი მხარდაჭერა დაუფიქსიროს საქართველოს, უკრაინასა და მთელი შავი ზღვის რეგიონს”, – განაცხადა იენ სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები