ირაკლი ბერაია – „ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობა არის უმნიშვნელოვანესი და ინსტრუმენტალური როგორც ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში, ასევე, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში”

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია გასულ კვირაში აშშ-ის სამხედრო ხომალდის საქართველოში ვიზიტს ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნული ვიზიტი უმნიშვნელოვანეს მოვლენად შეაფასა.

„შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის სამხედრო ხომალდების ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს და ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის უპრეცედენტოდ მაღალ და მზარდ დინამიკას. USS Mount Whitney-ს ვიზიტი ჩვენთვის ყოველთვის გამორჩეულად ემოციურია, რადგან აღნიშნული ხომალდი, 2008 წლის სექტემბერში, რუსეთ-საქართველოს ომიდან რამდენიმე კვირაში, მხარდაჭერის ნიშნად ესტუმრა ჩვენს ქვეყანას, მაშინ როდესაც რუსული საოკუპაციო ძალები ჯერ კიდევ იმყოფებოდნენ ფოთის მისადგომებთან.

ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობა არის უმნიშვნელოვანესი და ინსტრუმენტალური, როგორც ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში, ასევე, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

საქართველოს მხარდამჭერ საკანონმდებლო ჩანაწერებთან ერთად, გაზრდილ საგარეო სამხედრო დაფინანსებასთან და უახლესი შეიარაღების მოწოდებასთან ერთად, ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ და მივესალმებით ამერიკულ სამხედრო წარმომადგენლობას რეგიონში, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინებაა სწორედ საზღვაო ვიზიტები. ამერიკული და ნატო-ს სამხედრო ხომალდების ხილვადობა შავ ზღვაზე, ვიზიტები საქართველოს ტერიტორიულ წყლებში და ქართულ პორტებში, ემსახურება რეგიონის და მთლიანად, ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცებას, გამოხატავს ჩვენი მოკავშირეების ყურადღების კონცენტრაციას ამ რეგიონზე და ხაზგასმით ადასტურებს რეგიონულ უსაფრთხოებაში საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს და ჩვენი ქვეყნის მიმართ პარტნიორების განსაკუთრებულ ნდობასა და დამოკიდებულებას. ეს ვიზიტი წარმოადგენს ჩვენი მოკავშირეების რეგიონული უსაფრთხოების სტრატეგიის განუყოფელ ნაწილს, ამერიკის, ნატო-ს და საქართველოს კოორდინირებული მოქმედების ერთ-ერთ კომპონენტს, რაც მიზნად ისახავს რუსული საფრთხეების შეკავებას, შავი ზღვის უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას, მასში საქართველოს როლის და ამავდროულად ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერის გაზრდას.

საქართველოში, მიმდინარე წელს, არაერთხელ იმყოფებოდნენ აშშ-ის და ალიანსის სამხედრო ხომალდები. მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ხელი მოვაწერეთ საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების შესახებ ახალ შეთანხმებას, რომელმაც თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა. ეს ყველაფერი ადასტურებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და ღირებულია საქართველო ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის, რამდენად პრიორიტეტულ ადგილს იკავებს პარტნიორების დღის წესრიგში და ბოლო წლებში როგორ ტრანსფორმირდა ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოების მომხმარებლიდან უსაფრთხოების უზრუნველმყოფ და გარანტორ სახელმწიფოდ. მაშინ როდესაც რუსეთის ფედერაცია, უხეშად არღვევს სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას, უპირისპირდება ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით ახდენს შავი ზღვის მილიტარიზაციას, ზრდის სამხედრო წარმომადგენლობას და ჰიბრიდული მოქმედებების სერიას რეგიონში და ამით საფრთხეს უქმნის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, ნატო-ს ასპირანტი და გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი საქართველო აძლიერებს თავდაცვისუნარიანობას, მედეგობას, ნატო-სთან თავსებადობას და როგორც ალიანსის პასუხისმგებლიანი წევრი აქტიურად მონაწილეობს ჩვენი და ჩვენი პარტნიორების საერთო ღირებულებების და სასიცოცხლო ინტერესების დაცვაში, რეგიონული და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის ალიანსის ერთიან ძალისხმევაში.

ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცება, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება და მიგვაჩნია, რომ რუსული საფრთხეების შეკავება და შავი ზღვის უსაფრთხოება შეუძლებელია რეგიონში შეერთებული შტატების ლიდერობის, გაზრდილი ჩართულობის და საქართველოს აქტიური როლის გარეშე”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები