გიორგი დგებუაძის, იგივე „მასტერას“ ექსტრადიციის საკითხზე ჰოლანდიის სასამართლო დღეს იმსჯელებს

  ჰოლანდიაში დაკავებული გიორგი დგებუაძის, იგივე „მასტერას“ ექსტრადიციის საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს, თბილისის დროით ექვს საათზე უნდა გახდეს ცნობილი. გენშტაბის სამხედრო პოლიციის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელის, ჰოლანდიელი ადვოკატის მიშელ კოლეტის თქმით, თუ ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს დამატებითი დრო დასჭირდება, ადვოკატი მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართავს და საბოლოო გადაწყვეტილებამდე დგებუაძის გათავისუფლებას მოითხოვს.
თუმცა, მისივე თქმით, პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, ყოფილ მაღალჩინოსანს სამაჯურის ტარება და კვირაში ერთხელ პოლიციის განყოფილებაში გამოცხადება მოუწევს.
„დღეს იქნება ბატონი დგებუაძის საქმეზე სასამართლო მოსმენა, სადაც მე მოვითხოვ მისი პატიმრობიდან გათავისუფლებას. ქართული მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების შანსები, ჩემი აზრით, არ არსებობს. თუ მაინც სასამართლო ჩათვლის, რომ საჭიროა ამ საქმეზე გარკვეული გამოძიების ჩატარება, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით, თუმცა მოვითხოვთ, რომ აღკვეთის ღონისძიება არასაპატიმრო რეჟიმით შეეცვალოს.
ზოგადად, ჰოლანდიაში საბოლოო გადაწყვეტილებამდე პირს პატიმრობაში ამყოფებენ, თუმცა ეს გამონაკლისი შემთხვევაა. აქ უკვე აღიარეს, რომ ეს საქმე განსხვავებული და სპეციფიკურია მაღალი პოლიტიკური სარჩულის გამო. ქართული მხარის მოთხოვნებში ძალიან ბევრი არგუმენტაცია სწორედ პოლიტიკურია“, – განაცხადა დგებუაძის ადვოკატმა „მოამბესთან“ სატელეფონო საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ინტერპოლით ძებნილი გიორგი დგებუაძე ჰოლანდიაში ერთი თვის წინ დააკავეს. ქართველი სამართალდამცავები მას ორ საქმეს ედავებიან – ესენია: თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის მიმართ არაადამიანური მოპყრობა და „ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს“ განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები