ეროვნული ბანკი დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის თემებზე მონეტების რეალიზაციას იწყებს
საქართველოს ეროვნული ბანკი, განაგრძობს ნუმიზმატური მიმართულების განვითარებას და საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციის მიზნით, აგრძელებს მუშაობას საკოლექციო მონეტების სერიაზე “საქართველოს მეფეები“.
ამჯერად ეროვნულმა ბანკმა დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის თემებზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის მონეტები წარმოადგინა.
დავითისა და თამარის მონეტებისათვის ესკიზები ღია კონკურსის წესით შეირჩა და ისინი ნიტა გონგაძემ მოამზადა. დავითის და თამარის მონეტები ლიეტუვის ზარაფხანაში მოიჭრა – ვერცხლის მონეტები – 3000-იანი, ხოლო ოქროს მონეტები – 500-იანი ტირაჟით. ვერცხლის მონეტების ფასი 110 ლარია, ოქროს მონეტების – 1500 ლარი.
ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, მონეტების შეძენა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ონლაინ მაღაზიის საშუალებით იქნება შესაძლებელი და მონეტების გაყიდვა მოხდება ეტაპობრივად:
დავითის ოქროს მონეტის გაყიდვა დაიწყება 2021 წლის 16 ნოემბერს, 10:00 საათიდან
დავითის ვერცხლის მონეტის გაყიდვა დაიწყება 2021 წლის 22 ნოემბერს, 10:00 საათიდან
თამარის ოქროს მონეტის გაყიდვა დაიწყება 2021 წლის 3 დეკემბერს 10:00 საათიდან
თამარის ვერცხლის მონეტის გაყიდვა დაიწყება 2021 წლის 8 დეკემბრის, 10:00 საათიდან
იმისათვის, რომ მონეტები უფრო მეტი დაინტერესებული პირისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი, ისინი ლიმიტირებულად გაიყიდება – ერთ მომხმარებელს არაუმეტეს ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მონეტის შეძენა შეეძლება.
დავით აღმაშენებლის მონეტის დიზაინის აღწერა:
მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს დავით აღმაშენებლის ბარელიეფი გელათის მონასტრის ფრესკიდან (დავითს მარცხენა ხელში უპყრია გელათის მონასტრის მაკეტი, მარჯვენაში – “კაპა“ (საიმპერატორო ინსიგნია). მონეტაზე, დატანილია წარწერა “დავით აღმაშენებელი“ და მისი მეფობის წლები “1089 – 1125“. მარცხენა ნაწილში გამოსახულია მუხის ფოთოლი ორი ნაყოფით – რკო, როგორც სიმბოლო დავით მეფის მიერ განხორციელებული საეკლესიო რეფორმისა (ვერცხლის მონეტის შემთხვევაში, აღნიშნული დეტალი მოოქროვილია).
მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს დავით აღმაშენებლის გვირგვინის გამოსახულება (რეკონსტრუქცია გელათის მონასტრის ფრესკის მიხედვით) მონეტაზე დატანილია წარწერები: “5 ლარი“, “2021“, “საქართველო“, “GEORGIA”.
თამარ მეფის მონეტის დიზაინის აღწერა:
მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს თამარ მეფის ბარელიეფი ბეთანიის მონასტერში არსებული ფრესკიდან. ბარელიეფის მარცხენა მხარეს დატანილია თამარ მეფის ხელრთვა, ხოლო მარჯვენა მხარეს დატანილია წარწერა “თამარ მეფე“, მისი მეფობის პერიოდი “XII ს.“ და თამარის სიმბოლო, რომელიც მეფის სახელით გამოშვებული მონეტის ავერსზე იყო დატანილი (ვერცხლის მონეტის შემთხვევაში, აღნიშნული დეტალი მოოქროვილია).
მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს თამარ მეფის გვირგვინის გამოსახულება (რეკონსტრუქცია დავით-გარეჯის კომპლექსის, ბერთუბნის მონასტრის ფრესკის მიხედვით) მონეტაზე დატანილია წარწერები: “5 ლარი“, “2021“, “საქართველო“, “GEORGIA”.
ეროვნულმა ბანკმა სულ ახლახან, დანერგა წინასწარი შეკვეთის ფორმა, რაც მომავალში მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ახალი მონეტები გარანტირებულად შეიძინონ. ამასთან, წინასწარი შეკვეთის ფორმა დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის მონეტის შეძენაზე არ ვრცელდება.