დიმიტრი ხუნდაძე: როდესაც ხელოვნურად გამოწვეულ ავადობას კონკრეტული პოლიტიკური მიზანი აქვს, ის შესაძლოა, ერთი ადამიანის ზიანზე მეტი აღმოჩნდეს
როდესაც ხელოვნურად გამოწვეულ ავადობას კონკრეტული პოლიტიკური მიზანი აქვს, ის შესაძლოა, ერთი ადამიანის ზიანზე გაცილებით მეტი აღმოჩნდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მისი ჯანმრთელობის დასაცავად, საჭიროების მიხედვით, ყველაფერი გაკეთდება.
“არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო რამდენიმე სამედიცინო ასოციაციის წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებას მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
პირველ ყოვლისა, კოლეგების მიმართ ვადასტურებ პატივისცემას და მესმის პაციენტების მიმართ მათი ჩვეული დამოკიდებულების.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, ის მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მისი ჯანმრთელობის დასაცავად,საჭიროების მიხედვით,ყველაფერი გაკეთდება. თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ როდესაც ხელოვნურად გამოწვეულ ავადობას კონკრეტული პოლიტიკური მიზანი აქვს და ეს მიზანი ქვეყნის სტაბილურობას უქმნის საბრთხეს, ის შესაძლოა, ერთი ადამიანის ზიანზე გაცილებით მეტი აღმოჩნდეს.
როგორც ყველა დაავადების მკურნალობის დროს ხდება ანამნეზის შეკრება და გამომწვევი მიზეზის გათვალისწინება, ახლაც მისი გაუთვალისწინებლობა რისკებს შეიცავს.რა თქმა უნდა, პაციენტის, ამ შემთხვევაში მსჯავრდებულის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა იყოს დაცული, მაგრამ ისე რომ “შიმშილობა”, როგორც იარაღი,ქვეყნის დესტაბილიზაციის საშუალებად არ ვაქციოთ.
გულწრფელად უნდა ვაღიარო, რომ როგორც ექიმს, უფრო მეტად დეპუტატ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მაღელვებს, რომელიც მართლა შიმშილობს და იზოლაციაში ყოფნის გამო ვერც კი მოვინახულე”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.