საქსტატი – 2020 წელს საქართველოს რეალური მშპ 6.8 პროცენტით შემცირდა
2020 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 49 266.7 მლნ. ლარი შეადგინა.
ამის შესახებ საქსტატის ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელს წინა წელთან შედარებით 6.8 პროცენტით შემცირდა, ხოლო დეფლატორის პროცენტულმა ცვლილებამ 7.3 პროცენტი შეადგინა.
ამასთან, საქსტატის ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი – 14.8 პროცენტი და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – 11.7 პროცენტი. შემდგომ პოზიციებს იკავებს – 10.7 პროცენტით დამამუშავებელი მრეწველობა, 8.7 პროცენტით მშენებლობა, 8.3 პროცენტით სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა, 7.5 პროცენტით სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა – სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება, 6.1 პროცენტით ტრანსპორტი და დასაწყობება, 5.1 პროცენტით საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები და 4.9 პროცენტით განათლება.
ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: 8.1 პროცენტიანი ზრდა იყო სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის მიმართულებით, 8.6 პროცენტიანი განათლების, სამთომოპოვებითი მრეწველობა 12.4 პროცენტით გაიზარდა, 2.3 პროცენტით სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა – სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები 2.8 პროცენტით გაიზარდა, ინფორმაცია და კომუნიკაცია კი 2.6 პროცენტით. კლება აღინიშნა შემდეგ სექტორებში: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (-44.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (-23.0 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (-7.1 პროცენტი), მშენებლობა (-8.0 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (-4.7 პროცენტი).