კომპანია “იუ-ჯი-თი” პირველკლასელთა ახალი კომპიუტერების ხარისხთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

  კომპანია “იუ-ჯი-თი” პირველკლასელთა ახალი კომპიუტერების ხარისხთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გავრცელებულ განცხადებებს ეხმაურება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის გამარტივებული შესყიდვის განხორციელებისას გამართულ მოლაპარაკებებზე შეთავაზებული კომპიუტერი არის მაღალი ხარისხის, აკმაყოფილებს მოთხოვნილ სპეციფიკაციებს და არ გააჩნია არავითარი წუნი, რაც დასტურდება სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნითაც. კომპანიის განმარტებით, განმცხადებელს საზოგადოება შეყავს შეცდომაში. მათი თქმით, მცდარია ინფორმაცია, თითქოს მოლაპარაკების დროს წარვადგინეთ ტენდერის დროს დაწუნებული ნიმუშის იდენტური მახასიათებლების პროდუქტი.
„შერჩეული ტექნიკა არის პერსონალური კომპიუტერების წარმოებაში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის ACER-ის მიერ დამზადებული და მსგავსი ტექნიკა მწარმოებელს არაერთხელ მიუწოდებია როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნების სასწავლო დაწესებულებებისთვის და დიდი მოწონებაც აქვს დამსახურებული. ჩვენ არ ვაპირებთ ჩრდილი მივაყენოთ კონკურენტის პროდუქტს, თუმცა აღსანიშნავია ჩვენ მიერ შეთავაზებული მოდელის უპირატესობები, რაც პირველკლასელებს გაუადვილებს კომპიუტერის მოხმარებას:
მცირე წონა – 1.3 კგ-ზე ნაკლები; – რაც სასკოლო მოხმარებაში არსებულ მოდელებზე მინიმუმ 200 გრამით მსუბუქია;
უფრო დიდი ზომის და მაღალი ხარისხის გარჩევადობის ეკრანი – (11.6 ინჩი, LED backlit TFT LCD, HD 1366 x 768, 16:9 aspect ratio), რაც ბავშვის თვალს ნაკლებად გადაღლის;
მაღალი სიხშირის და წარმადობის პროცესორი, რაც პირველკლასელებს მომავალ კლასებშიც მისცემს სრულფასოვანი მუშაობის საშუალებას;
ტექნოლოგიური სიახლე: კომპიუტერი არ საჭიროებს და არ გააჩნია ქულერი, მუშაობს უხმაუროდ და მუშაობის დროს არ ხურდება;
თხელი კორპუსი და თანამედროვე დიზაინი;
გამძლე ელემენტი (7 საათი);
მოდელს უსაფრთხოების მიზნით მომრგვალებული აქვს კუთხეები;
კომპიუტერს გავლილი აქვს ქარხნული ტესტი ვარდნაზე და მოყვება ევროკავშირში აღიარებული ეკო-სერტიფიკატები უვნებლობაზე;
პროდუქტს მოყვება ერთწლიანი უფასო საგარანტიო მომსახურება. პროდუქტი გამოირჩევა არა მარტო მაღალი ხარისხითა და მაჩვენებლებით, არამედ დაბალი ფასითაც. ტენდერში კონკურენტის მიერ დაფიქსირებულ ფასთან შედარებით ჩვენმა საბოლოო შეთავაზებამ სახელმწიფოს 2 მილიონ 576 ათასი ლარი დაუზოგა. ჩვენი და ჩვენი პარტნიორი კომპანია Acer-ის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება შეგვეთავაზებინა უპრეცედენტოდ დაბალი ფასები, მოთხოვნილ ტექნიკურ სპეციფიკაციაზე მაღალი პარამეტრები, უფასო საგარანტიო მომსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით და დამატებით რამოდენიმე სკოლაში ტექნოლოგიური საკლასო ოთახის მოწყობა, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებს მსოფლიო ლიდერის მიერ წარმოებული ტექნიკის მეშვეობით.
აღსანიშნავია, რომ სატენდერო პროცედურები სრული სიმკაცრითა და სამართლიანობის პრინციპების დაცვით ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ტენდერის პირველ ეტაპზე ჩვენი ფასი თითქმის ორი მილიონი ლარით ნაკლები იყო კონკურენტისაზე, სამწუხაროდ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ დაუშვებლად ჩათვალა თუნდაც უმნიშვნელო და ადვილად გამოსწორებადი ხარვეზის არსებობა“, – განმარტავენ კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, კომპანია „იუ-ჯი-თიმ“ კანონიერი გადაწყვეტილების საფუძველზე დამატებით შესთავაზა შემსყიდველ ორგანიზაციას როგორც ქარხნულად წარმოებული უნაკლო მოდელი, ასევე დამატებითი მნიშვნელოვანი ფასდაკლება. შედეგად, სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფასტრუქტურის განვითარების სააგენტომ“ მიიღო გადაწყვეტილება, წარმოშობილი ახალი გარემოებების გამო, კოპანიისთვის და მათი კონკურენტისთვის დამატებით მიეცა კონკურსში მონაწილეობის მიღების საშუალება აბსოლუტურად თანაბარ პირობებში, განახლებული წინადადებებით, რაც ორივე კონკურენტმა გამოიყენა კიდეც. კომპანია „იუ-ჯი-თიმ“-ში მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკებების პროცეში როგორც ხარისხით აგრეთვე ფასით მათი პროდუქტის უპირატესობა სრულიად აშკარა იყო.
„ხელშეკრულების შესაბამისად, ჩვენი კომპანია ახალი სასწავლო წლის დასაწყისისათვის უზრუნველყოფს 46,000 პირველკლასელთა პორტაბელური კომპიუტერის მიწოდებას. როგორც ჩვენ, ასევე ჩვენი პარტნიორი Acer, სრულად ვაცნობიერებთ იმ მაღალ პასუხისმგებლობას, რასაც გვაკისრებს პირველკლასელთათვის ფაქტიურად მათი ტექნოლოგიებთან პირველი ურთიერთობის უზრუნველყოფა და ყველაფერს გავაკეთებთ რათა აღნიშნული პროექტი იყოს წარმატებული“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები