უკრაინაში რეზერვისტების ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა
ანტიტერორისტული ოპერაციების ფონზე, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, ქვეყანამ ნაწილობრივი მობილიზაციის მესამე ტალღა გამოაცხადა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღეს, უკრაინის უმაღლესმა რადამ პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს ბრძანება “ნაწილობრივი მობილიზაციის” შესახებ დაამტკიცა. დოკუმენტის მიღებას მხარი 232-მა დეპუტატმა დაუჭირა.
უმაღლეს რადაში პრეზიდენტის ბრძანება უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ანდრეი პარუბიმ წარადგინა. მას არ დაუკონკრეტებია რეზერვისტების ზუსტი რაოდენობა, რომლებსაც მობილიზაცია შეეხებათ. ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადებულია “უკრაინის ტერიტორიაზე ტერორიზმთან ბრძოლის მოტივით”, რასაც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ათობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.