ანა ფოტიგა: შეშფოთებული ვარ სააკაშვილის შიმშილობის ხანგრძლივობით და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, ჩემი საქმე არაა რომელიმე მხარეს დადგომა – მინდა საქართველოს დავეხმარო

შეშფოთებული ვარ სააკაშვილის შიმშილობის ხანგრძლივობით და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით. ჩემი საქმე არ არის რომელიმე მხარეს დადგომა, რომელიმე მხარისთვის მხარდაჭერა, მე უბრალოდ მინდა საქართველოს დავეხმარო,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ქართველი ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, საქართველოში ვიზიტის მიზანი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და იმ ადგილის მონახულება იყო, სადაც ის არის განთავსებული, თუმცა იუსტიციის სამინისტრომ საპატიმროში შესვლის მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა, რაც ფოტიგას შეფასებით, სამწუხაროა.

„მე საქართველოში ჩამოვედი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და იმ ადგილის მოსანახულებლად, სადაც ის არის მოთავსებული. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია მისი გადაწყვეტილების შესახებ შიმშილობასთან დაკავშირებით და მე შეშფოთებული ვარ მისი შიმშილობის ხანგრძლივობით და მის ჯანმრთელობის მდგომარეობით. მე ასევე, ინფორმირებული ვარ სააკაშვილის მიმართ სოლიდარობის ნიშნად მიმდინარე შიმშილობის აქციების შესახებ, ისეთი ადამიანების მხრიდან, როგორიც, მაგალითად, ელენე ხოშტარიაა. საბედნიეროდ, მე მქონდა მისი მონახულების შესაძლებლობა პარლამენტში. მე ვურჩიე ხოშტარიას და მინდოდა, რომ მას დაესრულებინა შიმშილობა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ისეთი ადამიანები, როგორიც ელენე ხოშტარიაა, საქართველოს სჭირდება.

როგორც იცით, მე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვაკვირდები ვითარებას საქართველოში და როგორც წესი, ვეძახი საკუთარ თავს საქართველოსა და ქართველი ხალხის მეგობარს. მე ჩავთვალე ჩემს ვალდებულებად, რომ ჩამოვსულიყავი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად. როგორც წესი, თანხმობას ვიღებდი ხოლმე, მიმიღია თანხმობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგანაც, მაგრამ ამჯერად მე იუსტიციის სამინისტროსგან უარი მივიღე, რაც, სამწუხაროა, რადგან საკუთარ თავს გამოცდილ ადამიანად მივიჩნევ და ძალიან კარგად ვიცი, რომ მაღალი რანგის პატიმრის შემთხვევაში ისმის მრავალი ხმა – პატიმრის ახლობლები ემოციურობით არიან გამორჩეული სიტუაციის შეფასებისას, მეორე მხარეს კი, რომელიც პასუხისმგებელია პატიმრობაზე, ასევე, როგორც წესი, გააჩნია ინტერესი, რომ ცალმხრივი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას. რა თქმა უნდა, საერთაშორისო თანამეგობრობაში, ევროპარლამენტში, სადაც მე ვმუშაობ, ჩვენ შევაფასებთ აღნიშნულ სიტუაციას და ჩემი ინფორმაცია და ლიეტუველი პარლამენტარების ინფორმაციაც, რომელთაც, ასევე, უარი ეთქვათ, იქნება ღირებული და ამას ექნება განსაკუთრებული ღირებულება. შესაბამისად, ამ ძალიან დელიკატურ შემთხვევაში, ჩვენ გვინდა ნამდვილად ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ. ჩემი საქმე არ არის რომელიმე მხარეს დადგომა, რომელიმე მხარისთვის მხარდაჭერა, მე არ ვარ მასობრივ მიტინგებზე გამომსვლელი, მე უბრალოდ მინდა საქართველოს დავეხმარო. ვცდილობ დავეყრდნო ისეთი ადამიანების განცხადებას, როგორიც არის სახალხო დამცველი. ჩვენ კონტაქტში ვიყავით ერთმანეთთან. მე ვიყავი კონტაქტზე მიხეილ სააკაშვილის დედასთან, ვესაუბრებოდი მის პირად ექიმს, ჩვენ პირდაპირი კონტაქტი გვქონდა მის ადვოკატებთან და ასევე, განვიხილავდით პოლიტიკურ ლიდერებთან შექმნილ სიტუაციას. მე ვეწვიე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რათა გამეზიარებინა ჩემი გზავნილები მისთვის, რათა მიმეწოდებინა ეს გზავნილები მმართველი პარტიისთვის და გადაწყვეტილების მიმღებებისთვის,“- განაცხადა ანა ფოტიგამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები