ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური გუნდის წევრებთან ლოგისტიკური და ინდუსტრიული პროექტები განიხილა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური გუნდის წევრებთან შეხვედრა გამართა, სადაც ლოგისტიკური და ინდუსტრიული პროექტები განიხილა
„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ახალ საინვესტიციო პროექტებზე მუშაობა გრძელდება. ტურისტული პროექტების შემდეგ, მთავრობის მეთაურმა ეკონომიკური გუნდის წევრებთან შეხვედრაზე დღეს ლოგისტიკური და ინდუსტრიული პროექტები განიხილა.
ინვესტორებისთვის შესათავაზებლად მომზადებულია ისეთი პროექტები, რომლებიც გულისხმობს ქვეყანაში ლოგისტიკური ცენტრების, საპორტო ინფრასტრუქტურის, საერთაშორისო აეროპორტებში სატვირთო ტერმინალების განვითარებას. ასევე მიმდინარეობს მუშაობა მსხვილ პროექტებზე ინდუსტრიის სხვადასხვა დარგში, მათ შორის მანქანათმშენებლობისა და ინტერნეტტექნოლოგიების სფეროში“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათი ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობის კიდევ უფრო გაზრდას შეუწყობს ხელს. განიხილება სააგენტოს – „აწარმოე საქართველოში“ მხარდამჭერი პროგრამების ფარგლებში დამატებითი მექანიზმების შეტანის შესაძლებლობა, რათა უფრო ეფექტური გახდეს სხვადასხვა სექტორებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.