“როდესაც დააბრუნებთ ქვეყანაში, თვითონ გადაწყვიტეთ – დარჩეს თუ არა” – რაზე ესაუბრა ვახტანგ კიკაბიძე ზელენსკის(ვიდეო)

“მე ვუთხარი, რომ უკრაინის მოქალაქეა, ამიტომ, ქვეყანამ უნდა დაიბრუნოს საკუთარი მოქალაქე”, – ამის შესახებ მომღერალმა, ვახტანგ კიკაბიძემ კიევში, ჟურნალისტ დიმიტრი გორდონისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.

ვახტანგ კიკაბიძე 11 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, რომელთანაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე ისაუბრა.

“მე ზელენსკის დიდი ხანია ვიცნობ და როგორც ორი მეგობარი, ვსაუბრობდით. მას ვუთხარი, რომ თუ თქვენ გიყვართ “ბრძოლა წესების გარეშე”, ჩამოდით საქართველოში, მე ყველა ქალაქსა და სოფელში გამოგყვებით და მოგიყვებით, ვინ სად სცემეს. ის ადამიანები, რომლებსაც ევროპა უნდათ, რომლებიც მთავრობისგან განსხვავებულად ფიქრობენ; ადამიანები, რომლებმაც გასული წლის 21 ივლისს თვალები დათხარეს, სახეში ესროდნენ პირდაპირ; როგორ სცემდნენ ივლისში ჟურნალისტებს. მე ვუთხარი, ზუსტად იმიტომ ჩამოვედი, რომ თქვენ რამენაირად გადაარჩინოთ თქვენი მოქალაქე, რადგან ისეთი შეგრძნებაა, რომ მათ სურთ, ციხიდან ცოცხალი არ გამოვიდეს.

ყველაზე მთავარია, რომ ახლა მთელი ოპოზიცია ფეხზე დგას. ისეთებიც, ვისაც მიშა არ მოსწონდა. ამაში არ არის საქმე. და ამბობენ, რომ თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ იმის გამო, როგორ მოექცნენ მას, რადგან ის პრეზიდენტი იყო. პრეზიდენტი, რომელმაც ფეხზე დააყენა ქვეყანა, რომელსაც არაფერი გააჩნდა: არც გზები, არც ნავთი, არც შუქი, არც განათლება, ბევრი რამ.

ჩვენი ქვეყნის მასშტაბიდან გამომდინარე, ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა გამოდის ქუჩაში და არ იშლებიან. გუშინ იყო აქცია სუს-თან, კიდევ სამ ადგილას, ეს განმეორდება და სულ იქნება”, – თქვა კიკაბიძემ.

კითხვაზე, შეისმინა თუ არა პრეზიდენტმა ზელენსკიმ მონათხრობი, კიკაბიძემ თქვა: “კი, შეისმინა”.

“მგონი, დალაპარაკებას აპირებენ. მე ვუთხარი, მესმის – ყველაფერს დრო სჭირდება, მაგრამ მეშინია, რომ დიდხანს ვერ იცოცხლოს, ამიტომ, ისე უნდა გაკეთდეს, რომ ნორმალურ კლინიკაში იყოს გადაყვანილი. ისიც ვუთხარი, რომ როდესაც ჩამოიყვანთ ქვეყანაში, რომელშიც ის არის ჩაწერილი, მერე თვითონ გადაწყვიტეთ, დარჩეს თუ არა ან დატოვოს თუ არა ქვეყანა, ეს უკვე თქვენი საქმეა-მეთქი. მე ვნერვიულობ იმაზე, რომ ის არ დაიღუპოს”, – თქვა ვახტანგ კიკაბიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები