ჰოლანდიის პროკურატურამ მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავ „ბოინგ -777“-ის ჩამოგდების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყება გამოძიებას მკვლელობის, ომის დანაშაულისა და თვითმფრინავის განზრახ ჩამოგდების კუთხით აწარმოებს.
დღეს კატასტროფის დროს დაღუპულების ცხედრები დონეცკიდან ხარკოვში სპეციალური მატარებლით გადაასვენეს. როგორც უკრაინის სამაშველო სამსახურში აცხადებენ, ხარკოვიდან ცხედრებს ჰოლანდიაში გადაასვენებენ და ექსპერტიზა ჩაუტარდებათ.
აღნიშნულ თემას უკრაინის პრემიერ – მინისტრი არსენ იაცენიუკიც გამოეხმაურა.
“რაც შეეხება დაღუპულების ცხედრების ექსპერტიზას, ამსტერდამში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის თანამედროვე ლაბორატორია არის და უკრაინის მთავრობა მზად არის, ყველა დაღუპულის ცხედარი ამსტერდამში გააგზავნოს. ჩვენ მტკიცებულებების ნაწილის მოგროვება მოვახერხეთ. ამ ეტაპზე ეჭვი არ შეგვაქვს იმაში, რომ ეს თვითმფრინავი ნამდვილად ჩამოგდებულია. ჩამოვარდნის მიზეზი სარაკეტო დარტყმაა, რომელიც, სავარაუდოდ, „ბუკ M1“-ის სისტემით განხორციელდა. ამ სისტემის მართვას მთვრალი პრორუსი ტერორისტები ვერ შეძლებდნენ. ეს სპეციალისტებმა განახორციელეს, რომლებმაც, ჩვენი ინფორმაციით, წვრთნები რუსეთში გაიარეს. აქედან გამომდინარე, ეს საერთაშორისო დანაშაული გამოძიებული უნდა იქნას”, -განაცხადა იაცენიუკმა.