სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფი კერძო სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული „სპორტული ინფრასტრუქტურის სახელმწიფო პოლიტიკის განვითარების სამუშაო ჯგუფის” წევრები სპორტული ობიექტების მშენებლობაში ჩართულ კერძო სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
პარლამენტის ინფორმაციით, სპორტული ინფრასტრუქტურის პოლიტიკის მიმართულებებზე მსჯელობისას, შეხვედრაზე მხარეებმა დისკუსიის ფორმატში მოსაზრებები გამოთქვეს და სპორტული ობიექტების მშენებლობის დაგეგმვის და მისი შემდგომი ექსპლუატაციის საკითხები განიხილეს.
კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, სამუშაო ჯგუფი, რომელიც სპორტული ინფრასტრუქტურის სახელმწიფო პოლიტიკის განვითარებაზე დეკემბერში ერთიან ანგარიშს წარმოადგენს, პერიოდულ შეხვედრებს მართავს და დაინტერესებული მხარეებისგან შესაბამის ინფორმაციას ისმენს. მისივე ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის წევრები მუნიციპალური განვითარების ფონდის, სპორტული ფედერაციების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს უკვე შეხვდნენ და მათგან საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს.
„სამუშაო ჯგუფის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე ყველა ვთანხმდებით, რომ შესაცვლელია სამართლებრივი ბაზა, რადგან მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია წინასწარ განისაზღვროს რატომ და რისთვის შენდება ესა თუ ის ობიექტი, რა იქნება მისი მშენებლობის ხარჯი და რამდენად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო დაკვეთით აშენებული სპორტული ობიექტები, პირველ რიგში იყოს ხარისხიანი და ასევე რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს სარგებლობა”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.