გიორგი ვაშაძე: უმძიმესი კადრებია და სამწუხაროა, რომ ასე არაადამიანურად ეპყრობიან სააკაშვილს
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის კადრები უმძიმესია.
მისივე თქმით, თუ იუსტიციის სამინისტრო გავრცელებულ კადრებს სტრასბურგის სასამართლოს მიაწვდის, ძალიან დიდი პრობლემა იქნება.
„უმძიმესი კადრებია და სამწუხაროა, რომ ასე არაადამიანურად ეპყრობიან მიხეილ სააკაშვილს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა მისი ციხეში გადაყვანა. დარწმუნებული ვარ, ეს დაერთვება იმ საქმეს, რომელიც უკვე სტრასბურგში განიხილება. საერთოდ, საზოგადოებას მინდა მივმართო, მეგობრებო, გამოვფხიზლდეთ, არ შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირებისკენ წავიყვანოთ ქვეყანა და არ შეიძლება ერთმანეთს ანგარიში არ გავუწიოთ. გვაქვს ერთი სახელმწიფო, ერთი საქართველო და თანაცხოვრება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ გადავლახოთ ეს დაუსრულებელი კრიზისი, რაც გვაქვს პოლიტიკური თვალსაზრისით. რაც შეეხება სტრასბურგის გადაწყვეტილებას, ძალიან მარტივია ახსნა და განმარტება. სტრასბურგმა მიხეილ სააკაშვილის საქმე მიიღო საგამონაკლისო წესით და მუდმივ მონიტორინგზე აიყვანა. ასევე, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია ჯერ თუ რომელ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ და სწორედ ამიტომ მოსთხოვა იუსტიციის სამინისტროს დამატებითი ინფორმაციის მიწოდება. დღეს რა კადრებიც გავრცელდა, ამას თუ მიაწვდიან, მე ვფიქრობ, დიდი პრობლემა იქნება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს ასაჯაროებს.