რატი ბრეგაძე: ოპოზიცია ცდილობს, ხელისუფლებას დააბრალოს, თითქოს, სააკაშვილს ციხეში არაადამიანურად ეპყრობიან

ოპოზიცია მიზანმიმართულად ცდილობს, ხელისუფლებას დააბრალოს, თითქოს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ციხეში არაადამიანურად ეპყრობიან. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში აქვს ტელევიზორი და სხვა პირობებიც აქვს შექმნილი.

„მესამე ბრალდება, რომელზეც მიზანმიმართულად ცდილობენ, რომ წამოწიონ საზოგადოებაში და იუსტიციის სამინისტროს, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და ზოგადად, მთავრობას დააბრალონ ის, თითქოს, ჩვენ ვინმეს ვაწამებთ ან არაადამიანურად ვეპყრობით. ამასთან დაკავშირებით განვმარტავთ შემდეგს  – შემოსახლებიდან დღემდე, ეს იყო პირველ ოქტომბერს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს ჰყავდა 179 ვიზიტორი. იგი 24 სთ-იანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება ექიმების მხრიდან. ასევე, მას შემოსახლებისთანავე, ზუსტად 2 დღეში, მათ შორის არასამუშაო დღეებში საბანკო ბარათი დაუმზადდა. ასევე, მას აქვს ტელევიზორი. როდესაც თანხა ამოეწურა ბარათზე და მაცივარი უნდოდა, ადმინისტრაციამ კეთილი ნების საფუძველზე მისი ეს თხოვნაც შეასრულა. ასევე საზოგადოებას ვეტყვით, რომ მუდმივ რეჟიმში, 24 სთ-ის განმავლობაში მასთან მორიგეობდა რეანიმობილი, იქ მორიგეობდნენ ექიმები, რომლებიც მის ჯანმრთელობაზე ზრუნავდნენ. ასევე სწორედ ჩვენ შევქმენით კონსილიუმი, რომლის მიზანი იყო, ჩვენს კვალიფიციურ სამედიცინო პერსონალთან ერთად გაეწიათ გარკვეული რეკომენდაციები, რომელსაც ყოველ ჯერზე მაქსიმალურად ვითვალისწინებდით. ასევე, ჩვენ შევქმენით ცალკე სამუშაო ჯგუფი, რომელიც მართლაც უპრეცედენტოა მიხეილ სააკაშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე ზედამხედველობის მიზნით. სწორედ ჩვენ შემოვიყვანეთ ამ ჯგუფში სახალხო დამცველი, პარლამენტის ორი კომიტეტის თავმჯდომარე. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ ინფორმაცია იყოს მაქსიმალურად ღია და ხელმისაწვდომი“, – განაცხადა ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები