„სააკაშვილი ვერ აანალიზებს იმას, რომ კანონთან ყველა პატიმარი თანაბარია“ – ნანა კაკაბაძე

“მართალია, მიხეილ სააკაშვილს დღეს ის ციხე არ ერგო, როგორშიც პატიმრებს თავად ამყოფებდა, მაგრამ სასათბურე პირობები, რომელიც შეუქმნეს და ევროპული სტანდარტების მოპყრობაც, რაც დღეს ციხეშია – ესეც კი მიუღებელი გახდა მისთვის”, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კაკაბაძე პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეს გამოეხმაურა.

„რაც შეეხება სიტუაციის ზოგად მიმოხილვას, სააკაშვილის პატიმრობის ფორმებსა და მხარდამჭერთა საპროტესტო აქციებს: რაც „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაშია, სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ მუდმივად აფიქსერებს იმ დამოკიდებულებას, რომელიც მას ჰქონდა მაშინ, როცა ხელისუფლებაში იყო. ანუ, რას ვგულისხმობ: რაც შეეხება მიტინგებსა და მანიფესტაციებს, მე ვარ ის ადამიანი, რომელიც 70-იანი წლების შუა პერიოდიდან მიტინგებსა და მანიფესტაციებში ვიღებდი მონაწილეობას, ჯერ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, შემდეგ თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოში თუ რაიმე მნიშვნელოვანი აქცია იყო, ყველას მონაწილე ვიყავი, სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ ასეთი დამოკიდებულება, როგორიც „ნაციონალურ მოძრობას“, სააკაშვილს და მის გარემოცვას აქვს, საერთოდ არ მინახავს. საერთოდ არ მინახავს ასეთი უდიერი დამოკიდებულება, არგანცდა იმისა, რომ ეს შენი ქვეყნის ხელისუფლებაა, სახელმწიფო უწყებების მიმართ უპატივცემულობა და ცინიზმი აქვთ, დაწყებული პოლიციიდან – დამთავრებული სასამართლოთი. გუშინ სასამართლო პროცესს ვუყურებდი და ძნელი იყო, არ გამოსულიყავი წონასწორობიდან. ალბათ, მოსამართლისთვისაც ძნელი იყო, არ მიეყენებინა შეურაცხყოფა, რასაც ისინი ნამდვილად იმსახურებდნენ.
თმენის ვალდებულება ძალიან მძიმე ტვირთი ხდება ხოლმე, როცა საქმე „ნაციონალურ მოძრობას“, სააკაშვილს და მის გარემოცვას, მათ უტაქტო, თავხედურ გამონათქვამებს ეხებათ.  ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, როგორები იყვნენ ისინი, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ როგორი პატივისცემა ჰქონდათ. ასეთი ადამიანები არ შეიძლება, იყვნენ ხელისუფლებაში და უფრო მეტიც, ასეთი ადამიანები არ შეიძლება, ხელისუფლებაში მოსვლასა და საზოგადოების მხარდაჭერას ითხოვდნენ“, – განაცხადა კაკაბაძემ.
მისივე თქმით, სააკაშვილი ვერ აანალიზებს იმას, რომ კანონთან ყველა პატიმარი თანაბარია.
„საქართველოში პატიმრის მიმართ სოლიდარული დამოკიდებულებაა ხოლმე. მხოლოდ ერთადერთი პატიმარი, რომლის მიმართ საზოგადოებამ სოლიდარული დამოკიდებულება არ გამოიჩინა, ესაა მიხეილ სააკაშვილი. როცა საუბარია მის მიმართ ზეწოლებსა და უღირს მოპყრობაზე, ალბათ, გულისხმობენ იმ დახვედრას, როგორითაც პატიმრები საკაშვილს დახვდნენ, როდესაც ის სასათბურე პირობებიდან გამოიყვანეს და ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას იქ დაუწყვეს ლანძღვა, გინება, შეურაცხყოფა, რა თქმა უნდა, ეს კარგი არ არის. როგორც თავად პატიმრები გვატყობინებენ, როგორც კი სააკაშვილის მიმართ ლანძღვა-გინების კორიანტელი წამოვიდა, მაშინვე პენიტენციური ადმინისტრაციის ჩართვა მოხდა. პატიმრები გვიყვებოდნენ, თავად დირექტორი, დეპარტამენტი როგორ იყვნენ ჩართულები და როგორ გადასცემდმენ რაციებით, რომ ეს სასწრაფოდ შეჩერებულიყო.
მართალია, მიხეილ სააკაშვილს დღეს ის ციხე არ ერგო, როგორშიც პატიმრებს თავად ამყოფებდა, მაგრამ სასათბურე პირობები, რომელიც შეუქმნეს და ევროპული სტანდარტების მოპყრობაც, რაც დღეს ციხეშია – ესეც კი მიუღებელი გახდა მისთვის. თურმე, მას არ ჰკითხეს, ისე დაგიყვანეს ერთი დაწესებულებიდან მეორეში. სააკაშვილი ვერ აანალიზებს იმას, რომ კანონთან ყველა პატიმარი თანაბარია“, – განაცხადა კაკაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები