გურამ მაჭარაშვილი – მიხეილ სააკაშვილზე: შეწყვიტოს შიმშილობა და თუ ჩვენ არ დაგვიჯერა და მის პირად ექიმს, სტრასბურგის სასამართლოს მაინც დაუჯეროს
“ჩვენს ინტერესში იყო ეს და ჩვენც მოვუწოდებდით, მათ შორის, მეც, რომ მას შეეწყვიტა შიმშილობა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ სააკაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუჯერებს.
“სტრასბურგის სასამართლოში განცხადების დაწერა იმასთან დაკავშირებით, რომ შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა, არის თითიდან გამოწოვილი მიზეზი იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენს ინტერესში იყო ეს და ჩვენც მოვუწოდებდით და, მათ შორის, მეც, რომ მას შეეწყვიტა შიმშილობა. შეწყვიტოს შიმშილობა და თუ ჩვენ არ დაგვიჯერა და მის პირად ექიმს, სტრასბურგის სასამართლოს მაინც დაუჯეროს. ის, რომ ამდენი დღის განმავლობაში ერთი ადვოკატი ამბობს, რომ ის იმდენად სუსტად არის, იმდენად დაუძლურდა, რომ ტკივილები აქვს უკვე, თითქმის ვერ საუბრობს, თითქმის ვერ დადის და 40 დღის თავზე საზოგადოება ხედავს, რომ ძალიან კარგად გადაადგილდება. ეს იყო სპეკულაცია, მისი ადვოკატების მიზანი იყო, რომ მას გაეგრძელებინა შიმშილობა, რაც სტრასბურგის სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა”, – ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
სტრასბურგის სასამართლო მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს – ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გაუგზავნა.