ხათუნა ლაგაზიძე: ოპოზიციამ და აქტივისტების ჯგუფებმა მემორანდუმს უნდა მოაწერონ ხელი, შეუერთდნენ პირობას, რომ არ იქნება ხალხმრავალი აქციები
ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუკი ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო სამედიცინო საავადმყოფოში გადაიყვანენ, ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მემორანდუმს უნდა მოაწერონ ხელი, რომლის თანახმადაც, ისინი კლინიკასთან ხალხმრავალ შეკრებებს არ მოაწყობენ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი რომც გადაიყვანენ სამოქალაქო სამედიცინო კლინიკაში, ამით აქციები, სავარაუდოდ, მაინც არ შეწყდება.
„ოპოზიციამ და მათ შორის სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფებმაც მემორანდუმს უნდა მოაწერონ ხელი თუ გააჟღერონ, შეუერთდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ პირობას, რომ არ იქნება ხალხმრავალი აქციები იმ სამოქალაქო კლინიკის გარშემო – ეს არის ოპოზიციის პასუხისმგებლობა, მაგრამ ეს ხელისუფლებას პასუხისმგებლობიდან არ ათავისუფლებს, მაქსიმალური უსაფრთხოების ნორმები დააწესოს იმ კლინიკის გარშემო. ამ ხელისუფლებისგან უკვე ყველაფერს ველი, ამიტომაც, ოპოზიცია რომ ემიჯნება ამას, ეს ცალსახად კარგია.
უმთავრესი ის არის, რომ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანით არ ამოიწურება პრობლება, რადგან ქვეყანაში არ არის სამართლიანი სასამართლო, რომლის ვერდიქტსაც დაიჯერებს რომელიმე მხარე და აღარაფერს ვლაპარაკობ დასავლეთზე. საპროტესტო აქციების შეწყვეტაზე უარის თქმა, როგორც ჩანს, ამითაც არის განპირობებული“, – აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“