თეა წულუკიანი სააკაშვილზე: მესმის, რომ სასჯელი არ მოსწონს, მაგრამ როგორც არაერთ პატიმარს მოუხდია სასჯელი, ასევე მასაც მოუწევს, მოიხადოს

ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს დესტრუქციას, რომელიც არის წარუმატებელი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ უკვე მომაბეზრებელია, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

წულუკიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილის უფლებები პენიტენციურ სისტემაში მაქსიმალურად დაცულია.

„ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს დესტრუქციას. ეს დესტრუქცია, რა თქმა უნდა, წარუმატებელია და მომავალშიც იქნება. აღარ დავმალავ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს უკვე მომაბეზრებელია. შესაბამისად, ჩვენ ამას მოთმინებით ვუყურებთ. პოლიცია თავის მოწოდების სიმაღლეზეა, პენიტენციური სამსახური ყველაფერს აკეთებს პატიმრების უფლებების სათანადოდ დასაცავად და მე დიდი იმედი მაქვს, რომ თავად „ნაციონალური მოძრაობაც“, მიუხედავად იმისა, რომ სასოწარკვეთილია, მალე მოეგება გონს და მისცემს ამ ქვეყანას მშვიდად ცხოვრების საშუალებას.

პოლიტიკური ოპონენტი როდესაც დესტრუქციისკენ არის მოწოდებული, ის ყველანაირ კვალიფიკაციას, მათ შორის არასწორს აძლევს სახელმწიფოს ქმედებებს. ამაში გასაკვირი არაფერია. სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ, რომ ამ კონკრეტული პატიმრის უფლებები პენიტენციურ სისტემაში მაქსიმალურად დაცულია. მესმის, რომ სასჯელი არც ერთ პატიმარს არ მოსწონს და მათ შორის არც ამ კონკრეტულ პატიმარს, მაგრამ ასეთია სასამართლო გადაწყვეტილება და როგორც არაერთ პატიმარს მოუხდია სასჯელი, ასევე ამ პატიმარს მოუწევს, მოიხადოს ის სასჯელი, რომელიც სასამართლომ მიუსაჯა. მთავარია, მან საკუთარ თავს დახმარება აღმოუჩინოს პენიტენციურ სამსახურთან, სამედიცინო პერსონალთან ერთად და არ შესწიროს ამ სასჯელს საკუთარი ჯანმრთელობა. სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რომ ეს ასე არ მოხდეს და ის სასჯელის მოხდის შემდეგ თავის ოჯახს დაუბრუნდეს ჯანმრთელი და რა თქმა უნდა, სიცოცხლის უფლება ბოლომდე იყოს დაცული.

ამასთან, კულტურის მინისტრმა კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრებასთან დაკავშირებით. კერძოდ, თეა წულუკიანის განცხადებით, სასამართლო დარბაზში პატიმრის დასწრებაზე გადაწყვეტილება მიიღება უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რათა არ დაირღვეს მისი დაცვის უფლება.

„ერთს ვიტყვი, უნდა იყოს თუ არა პატიმარი წარდგენილი სასამართლო პროცესზე სასამართლო დარბაზში, ეს გადაწყვეტილება მიიღება, პირველ რიგში, პატიმრის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მთავარია, პროცესი იყოს შეჯიბრებითი, რომ ეს შეჯიბრებითობის პრინციპი არ დაირღვეს, არც დაცვის უფლება დაირღვეს და შესაბამისად, შედგეს სამართლიანი სასამართლო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები