უკრაინის სახალხო დამცველი: საქართველოს ელჩმა შეხვედრაზე უარი თქვა

უკრაინის სახალხო დამცველი, ლიუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების შემდეგ, უარი თქვა მასთან შეხვედრაზე.

ამის შესახებ მან ტელეგრამ-არხზე დაწერა.

დღეს საქართველოში უკრაინის საელჩომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გადასცა მოწოდებით, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულება იყოს შეცვლილი.

დენისოვას შეფასებით, ზაქარაშვილმა შეხვედრის წინადადება უკან “უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური კონტექსტის გამო” წაიღო.

დენისოვას თქმით, სურდა, ახსნა-განმარტება მიეღო სააკაშვილის „სიცოცხლის, სამედიცინო დახმარებისა და პროცედურული უფლებების დარღვევაზე“.

მისივე თქმით, სააკაშვილის ძალისმიერი მეთოდით გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანით შეიქმნა ვითარება, რომელიც მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.

უკრაინელი ომბუდსმენის თქმით, შეწინააღმდეგებისთვის სააკაშვილს სხეულის დაზიანება მიაყენეს.
“გლდანის ციხის პატიმრები კი იყენებენ სიტყვიერ აგრესიასა და მიხეილის მიმართ მუქარის შემცველ შეძახილებს, რომელიც მის საკანშიც ისმის”, – აცხადებს უკრაინის ომბუდსმენი.

დენისოვას თქმით, ციხის საავადმყოფო არ აკმაყოფილებს ექიმთა საბჭოს რეკომენდაციებს და იქ, საჭირო აღჭურვილობის არარსებობის გამო, სააკაშვილისთვის ნორმალური დახმარების გაწევა შეუძლებელია და ის უნდა იყოს გადაყვანილი დაწესებულებაში, რომელიც აღჭურვილია გადაუდებელი რეანიმაციული ღონისძიებებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები