სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო საავადმყოფოში და პასუხად არანაირი აქცია მიმდებარე ტერიტორიაზე – ბაქრაძის ინიციატივა “ოცნებას”

“ხელისუფლებამ მოახდინოს სააკაშვილის დაუყოვნებლივი გადაყვანა გლდანის ციხიდან სამოქალაქო მრავალპროფილურ საავადმყოფოში და ამის პასუხად ოპოზიციამ აიღოს ვალდებულება, რომ ამ საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიასთან არ დაიგეგმება არანაირი ტიპის საპროტესტო აქტივობები”, – აღნიშნული ინიციატივით მიმართავს დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ბაქრაძე “ქართულ ოცნებას”.

მისი თქმით, პოლიტიკურ ნაბიჯებზე საუბარი მხოლოდ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„მე მაქვს კონკრეტული შეთავაზება და ინიციატივა, ხელისუფლებამ მოახდინოს სააკაშვილის დაუყოვნებლივი გადაყვანა გლდანის ციხიდან სამოქალაქო მრავალპროფილურ საავადმყოფოში და ამის პასუხად ოპოზიციამ აიღოს ვალდებულება, რომ ამ საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიასთან არ დაიგეგმება არანაირი ტიპის საპროტესტო აქტივობები და შეკრებები. ამით, ერთი მხრივ, ჩვენ უზრუნველვყოფთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დაცვას, მის გადაყვანას საავადმყოფოში და, მეორე მხრივ, უზრუნველვყოფთ, რომ ხელისუფლების ის შიში რაღაც ე.წ. საავადმყოფოდან გატაცების სცენარის შესახებ ასევე იყოს ადრესირებული. უკვე როცა გვეცოდინება, რომ ადამიანის სიცოცხლე არის გადარჩენილი, ამის შემდეგ ვისაუბროთ პოლიტიკურ ნაბიჯებზე. ჯერჯერობით, მთავარი ამოცანა გახლავთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე, რადგან ღმერთმა დაგვიფაროს თუ მიხეილ სააკაშვილს რამე დაემართა დღეს გლდანის ციხეში, არჩევნებიც, რეფორმაც, სასამართლოც, ნატო-ც და ყველაფერი ამ ქვეყანას გვერდზე დაგვრჩება და აღმოვჩნდებით საშინელ 90-იანების უფსკრულში“, – განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები