ზურაბ ჯაფარიძე: ერიკა ოლსონთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება, არჩევნებზე, სასამართლო სისტემაზე, სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციაზე
“ჩვენ ვისაუბრეთ ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება, არჩევნებზე, სასამართლო სისტემაზე. მათ შორის, საუბარი იყო პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციაზე”, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ერიკა ოლსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, საუბარი იყო იმაზეც, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაიყვანა.
„ბევრ რამეზე იყო საუბარი. ყველაფრის საქმის კურსში არიან. ვუთხარი, რა არის, ჩემი აზრით, გამოსავალი, რა ნაბიჯები შეიძლება, მათი მხრიდან იყოს გადადგმული. ჩვენი გასაკეთებელი რომ არის მთავარი საქმე, ეს გასაგებია. საჯაროდ უფრო გასაგებად ისაუბრონ სიმართლე იმასთან დაკავშირებით, რა ხდება ქვეყანაში და იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ხელისუფლებამ ეს ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაიყვანა, ეს არის ერთი გზა ზეწოლის და მეორე არის სანქციები და ამაზე იყო საუბარი და დისკუსია. მადლობა გადაგვიხადეს იმაზე, რომ კონკრეტული რჩევები მივეცით რა ნაბიჯები შეიძლება გადმოიდგას მათი მხრიდან, როგორც ამ ქვეყნის მეგობარი ქვეყნისგან. თქვეს, რომ არიან რთულ პოზიციაში, იმიტომ, რომ სჭირდებათ გზავნილების დაბალანსება. იმიტომ, რომ ისინი არიან ამ ქვეყნის მეგობრები და არ შეიძლება ისეთი რამ თქვან, რომ ქვეყანა დააზიანონ და თან უწევთ აქცენტის გაკეთება იმ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაშია დემოკრატიასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.