გიორგი ხელაშვილმა, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის რანგში, ბალტიის ასამბლეასა და ბალტიის საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე გიორგი ხელაშვილმა 4-5 ნოემბერს ვილნიუსში, ბალტიის ასამბლეასა და ბალტიის საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

პარლამენტის ინფორმაციით, გიორგი ხელაშვილმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა. სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ რეგიონულ გამოწვევებზე ისაუბრა, ბალტიის ქვეყნებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ამ კონტექსტში, გიორგი ხელაშვილმა ყურადღება გაამახვილა საპარლამენტთაშორისო კავშირების გააქტიურებაზე.

საქართველოს პარლამენტის წევრმა ისაუბრა იმ ინიციატივებზეც, რომელიც მნიშვნელოვანია ეროვნული და რეგიონული სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის. ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურეს. მათ, ასევე, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ჩვენს ქვეყანას ბალტიის რეგიონის სამივე ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერა აქვს. ასამბლეაზე სამომავლო ერთობლივი ეკონომიკური ნაბიჯებისა და სტრატეგიული გეგმების შესახებ იმსჯელეს. ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში პანდემიის შემდგომ ეკონომიკური გაჯანსაღებისა და გრძელვადიანი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას.

ვილნიუსში ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ხელაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ლიეტუვას სეიმის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ლაურინას კაშიუნასსა და საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, რაიმუნდას ლოპატასთან. გამართულ შეხვედრებზე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა განიხილეს. ბალტიის ასამბლეისა და ბალტიის საბჭოს მუშაობაში ბალტიის ქვეყნების პარლამენტების ხელმძღვანელებთან და ეროვნულ დელეგაციებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა, წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, საპარლამენთაშორისო კავშირის (IPU) პრეზიდენტმა, პოლონეთის, ჩეხეთისა და აზერბაიჯანის საპარლამენტო დელეგაციებმა და მაღალი რანგის სხვა ოფიციალურმა პირებმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები