“საქართველო მყარი ნაბიჯებით განაგრძობს სვლას ევროკავშირისკენ“

საქართველო მყარი ნაბიჯებით განაგრძობს სვლას ევროკავშირისკენ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე განაცხადა. მხარეებმა საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობის და სამოქმედო გეგმის ფარგლებში შესასრულებელი ამოცანები განიხილეს. „ჩემმა მეგობარმა ზურაბ ჟვანიამ ევროპის საბჭოში თქვა ისტორიული ფრაზა: “მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი”. ამ გზაზე მოძრაობა კვლავაც გრძელდება. ჩვენ კოლეგებთან ერთად დღეს უკვე იმის თაობაზე ვსაუბრობთ, თუ როგორ უნდა გაღრმავდეს ადამიანის უფლებების დაცვა, როგორ უნდა განხორციელდეს ევროპული რეფორმები და როგორ უნდა ვიმუშაოთ დეტალურად იმისთვის, რომ ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწეროთ ხელი, რათა ჩვენი ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს და ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაზე აისახებოდეს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ტორბიორნ იაგლანდმა ქვეყნის პირველ პირს სამოქმედო გეგმა გააცნო, რომელიც საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას ითვალისწინებს. მისი თქმით, იგი მიესალმება იმ ფაქტსაც, რომ ამ გეგმის დაწყება სწორედ საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 15 წლისთავს დაემთხვა.
„აქ ვიმყოფები, რომ წარმოვადგინო საქართველოს მთავრობასთან ერთად შემუშავებული სამოქმედო გეგმა. ის შეეხება სავალდებულო რეფორმებს, რომელთა განხორციელებაში ჩვენ შეგვიძლია ჩავერთოთ და დახმარება გაგიწიოთ. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ აუცილებელია მუშაობის გაგრძელება  სასამართლოს ეფექტიანობისთვის, რათა ის პოლიტიკურად დამოუკიდებელი იყოს. რა თქმა უნდა, ასევე განვიხილეთ ადამიანის უფლებათა და მედიისა და გამოხატვის თავისუფლების ძირითადი საკითხები. ჩვენ ვაკვირდებით ყველა მოვლენას და გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველო სწორ გზას ადგას. ის ფაქტი, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება პარაფირებულია და მისი ხელმოწერა მოხდება, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩემს სიტყვებს. ჩვენ ევროკავშირთან ერთად ვმუშაობთ, რათა ამ საკითხებთან დაკავშირებით წინ წავიდეთ“, – განაცხადა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები