ნინო წილოსანი ქრისტინ მუმას შეხვდა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ანკარაში აშშ-ის საელჩოს მრჩევლის მოვალეობის შემსრულებელს სოფლის მეურნეობის დარგში, ქრისტინ მუმას შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, საუბარი, ძირითადად, აგრარული მიმართულებით პოლიტიკის განსაზღვრის და აღსრულების საკითხებს დაეთმო. ნინო წილოსანმა აშშ-ის საელჩოს მრჩევლის მოვალეობის შემსრულებელს გააცნო კომიტეტის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები და ის გამოწვევები, რომლებიც ქვეყნის სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა მიმართულებით არის.

„ჩემი მხრიდან ხაზი გაესვა იმ სამ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებას, რომელთა ადვოკატირებას და რომელზე მუშაობასაც კომიტეტი აპირებს. ეს არის: სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზაციის აუცილებლობა, მიწების კერძო სექტორისთვის გადაცემის საკითხი, რათა სექტორი უფრო ინტენსიურად განვითარდეს; კოოპერატივის სისტემის განვითარება, რომელიც გარკვეულ გადახალისებას და არსებული მოდელის გადააზრებას საჭიროებს; ბიოწარმოება, რომლის პოპულარიზაციას და რომელზე თანხების გამოყოფას და ამ მიმართულებით გარკვეული პროგრამების გააქტიურებას ითხოვს კომიტეტი სამინისტროსგან. ასევე შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე”, – განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები