“ბოლომდე უნდა მივიყვანოთ საქმე, რომელიც 2 ოქტომბერს დავიწყეთ” – რას ამბობენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, რომლებიც “ქართული ოცნების” აქციაზე იმყოფებიან

თავისუფლების მოედანზე “ქართული ოცნების” შემაჯამებელი აქცია მიმდინარეობს. დედაქალაქში, მმართველი პარტიის მხარდამჭერები რეგიონებიდანაც ჩამოვიდნენ.
“ოცნების” მხარდამჭერებს შორის, კულტურის, სპორტისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც არიან.

მათი განცხადებით, თავისუფლების მოედანზე მივიდნენ, რათა, დასრულდეს ამ ქვეყანაში მკაცრი რეჟიმი და საზოგადოებამ მშვიდი ცხოვრება დაიწყოს.

„მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ამდენი ადამიანი მოვიდა. სტაბილურობა გვჭირდება. მე მოვედი, რომ დავასრულოთ მართლაც მკაცრი რეჟიმი და დავიწყოთ ჩვეულებრივი ცხოვრება”, – განაცხადა მომღერალმა თემურ თათარაშვილმა.

აქციაზე იმყოფება საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილიც. მან განსაკუთრებული მადლობა ახალგაზრდებს გადაუხდა.

„აი, ამდენ ხალხს ფულით ვერ იყიდი. მინდა ახალგაზრდებს მადლობა ვუთხრა, რომლებიც ახლა ჩვენ გვერდით არიან. შევრიგდეთ, გვიყვარდეს ერთმანეთი, მეტს ამ ქვეყნიდან ვერაფერს წავიღებთ. ამ გმირ ადამიანებს, რომელებიც ჩამოვიდნენ, შეურაცხყოფა არ უნდა მაიყენო და მათ ყველას, მადლობას ვუხდი“, – განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

დღევანდელი აქციის რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე აცხადებს, რომ აქციის მუხტს აქ შეკრებილი ადამიანები 30 ოქტომბერს საარჩევნო უბანთან მიიტანს.

„ქართული ოცნება“ ატარებს ნამდვილ, ევროპული სტანდარტების შესაბამის საარჩევნო კამპანიას. დღეს გველოდება ევროპული, მაღალი კლასის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელიც დაფუძნებული იქნება ქართულ ტრადიციებზე, სულსა და ჯიშზე. სხვათა შორის, „ქართულ ოცნებას“ ეს ხაზი ყოველთვის უჭირავს. „გუფილენდი“, გელა გნოლიძის ბენდი და ზუკა ხუციშვილის ბენდი გაამხნევებენ საზოგადოებას, შემდეგ კი იქნება პოლიტიკური გამოსვლები. პარტიის ლიდერები მოუწოდებენ საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისა და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისკენ. 2003 წლიდან ვოცნებობდი, რომ ეს გამარჯვება მიყვანილიყო ბოლომდე და „ქართული ოცნება“ ამას თავს კარგად ართმევს. თქვენ ნახავთ, რა ემოციით დაიმუხტებიან აქ მოსული ადამიანები. თითოეული ადამიანი ამას წაიღებს სახლში და მიიტანს 30 ოქტომბერს საარჩევნო უბანთან“, – ამბობს ბაკურ ბაკურაძე.

ვეტერანი ფეხბურთელი ზურა ხიზანიშვილი დედაქალაქის მერობის კანდიდატის კახა კალაძის უპირატესობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი ყველა გამოსვლა იყო საქმეზე მიმართული და არა ოპონენტებთან პაექრობაზე.
„30 ოქტომბერს ვნახავთ მივიდა თუ არა კახას სათქმელი ამომრჩევლამდე. დარწმუნებული ვარ, რომ კახა გაიმარჯვებს. მისი ყველა გამოსვლა იყო საქმეზე მიმართული და არა ოპონენტებთან პაექრობაზე. მე დავესწარი პრეზენტაციებს და საინტერესო იდეები აქვს. თუ ამ პანდემიამ ხელი არ შეუშალა, დარწმუნებული ვარ, რაც კი თქვა, მომდევნო 4 წელიწადში ყველაფერს შეასრულებს და მინდა, რომ მას წარმატებები ვუსურვო“,- განაცხადა ზურა ხიზანიშვილმა.

მომღერალი ზურა მანჯავიძე ჟურნალისტებთან “ნაცმოძრაობაზე” საუბრისას აღნიშნავს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში ზიზღის, სადიზმის, ძალადობის, ადამიანების წამების რეჟიმი და სიზმარშიც ვეღარ უნდა იფიქრონ.

„ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში ზიზღის, სადიზმის, ძალადობის, ადამიანების წამების რეჟიმი და სიზმარშიც ვეღარ უნდა იფიქრონ, რომ შეიძლება რაღაც ფორმით დაბრუნდნენ. არ გვაძლევენ საშუალებას, დავივიწყოთ ის კოშმარი, რაც იყო. გვახსენებენ ყოველ წამს. საჭიროა ადამიანებისთვის შეხსენება, რომ ის იყო კოშმარი, რაც იყო“, – განაცხადა ზურა მანჯავიძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები