“მთავარმა არხმა” წინასაარჩევნოდ პოლიტიკური რეკლამა კანონდარღვევით გაავრცელა – კომუნიკაციების კომისია
კომუნიკაციების კომისიამ „მთავარ არხს” წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამების კანონდარღვევით გავრცელებისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით,კომუნიკაციების კომისიის აუდიო ვიზუალური მედიამომსახურების დეპარტამენტმა გამოავლინა, რომ მაუწყებელმა წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კოდექსის დარღვევით ორი სარეკლამო რგოლი განათავსა.
პირველი რგოლი, რომელიც დარღვევით განთავსდა მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოწოდებას შეიცავს, ხოლო მეორე რგოლი 14 ოქტომბრის აქციაზე დასწრების მოწოდებას. წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა კანონის მიხედვით, განმარტებულია, როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას. ასევე, რეკლამა, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს. კომუნიკაციების კომისიამ შეისწავლა აღნიშნული ვიდეორგოლები და მიიჩნია, რომ ორივე რგოლი შეიცავს საარჩევნო კამპანიის ნიშნებს და შინაარსობრივად განეკუთვნებიან პოლიტიკური წინასაარჩევნო რეკლამის კატეგორიას, თუმცა ორივე განთავსებულია საარჩევნო კოდექსის დარღვევით.
კანონი ასევე ადგენს, რომ მაუწყებელმა წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა ეთერში საარჩევნო სუბიექტის წარდგენით, საარჩევნო სუბიექტის სახელწოდებისა და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომრის მითითებით უნდა განათავსოს, რაც დარღვეულია აღნიშნული ორი ვიდეო რგოლის „მთავარი არხის” მიერ განთავსებისას.
შესაბამისად, მაუწყებლის მიერ სუბიექტის წარდგენის გარეშე სარეკლამო რგოლის განთავსება წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის 186-ე მუხლის მე-19 პუნქტის დარღვევას. გარდა ამისა, საარჩევნო კოდექსის 186-ე მუხლის მე-20 პუნქტით მაუწყებელს ეკრძალება შესაბამისი საარჩევნო სუბიექტისათვის ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის გადახდილ საფასურზე მეტი საეთერო დროის დათმობა, ასევე უფასო რეკლამის იმაზე მეტი დროით დათმობა, ვიდრე ამას საარჩევნო კოდექსი ადგენს. მაუწყებლის მიერ საკუთარი ინიციატივით რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერი (ან ხელისშემშლელი) წინასაარჩევნო რეკლამის განთავსება ეწინააღმდეგება 186-ე მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, სწორდ აღნიშნული მოთხოვნები დაარღვია „მთავარმა არხმა„ აღნიშნული ორი პოლიტიკური რეკლამის განთავსებით.