გიორგი კალანდარიშვილი: მინდა, მივმართო საოლქო და საუბნო კომისიის წევრებს, არ დაიშუროთ ძალისხმევა და მაღალი პასუხისმგებლობით ჩავატაროთ არჩევნების მეორე ტური

ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მეორე ტურისთვის მზადაა.

კალანდარიშვილმა საოლქო და საუბნო კომისიის წევრებს მოუწოდა, არ დაიშურონ ძალისხმევა, რომ მაღალი პასუხისმგებლობით ჩატარდეს არჩევნების მეორე ტური.

„30 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური გაიმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების მეორე ტურის პროფესიულ, ყველასთვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად. 2 ოქტომბრის არჩევნები იყო კარგად და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული, დაცული იყო კოვიდრეგულაციები და კენჭისყრის დღემ მშვიდ, კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოში ჩაიარა. ეს ის შეფასებებია, რომელიც არჩევნების დასრულებისთანავე გამოითქვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ პროცესში ჩართულობისა და დაკვირვებისთვის. მათი როლი და შეფასება საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საარჩევნო ადმინისტრაციამ ასევე პროფესიულ დონეზე წარმართა და დაასრულა არჩევნების შეჯამების პროცესი. შესაბამისად, დღეს კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს, საოლქო საარჩევნო კომისიებს, საუბნო საარჩევნო კომისიების 63 ათასზე მეტ წევრს. მათ თავდაუზოგავად იშრომეს 2 ოქტომბრის არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. ახლა კი წინ მეორე ტურია. საარჩევნო ადმინისტრაცია, 40 საოლქო საარჩევნო კომისია და დაახლოებით 1 870 საუბნო საარჩევნო კომისია აგრძელებს მუშაობას არჩევნების მეორე ტურის ასევე მაღალი სტანდარტის შესაბამისად ჩასატარებლად. მინდა, მივმართო საოლქო და საუბნო კომისიის წევრებს, მიუხედავად იმისა, პროფესიული ნიშნით არიან არჩეულები თუ პარტიის მიერ არიან დანიშნულები, არ დაიშუროთ ძალისხმევა და მაღალი პასუხისმგებლობით ჩავატაროთ არჩევნების მეორე ტური. ჩვენ ერთად ვატარებთ არჩევნებს. კარგად ჩატარებული არჩევნები – სწორედ ეს არის დემოკრატიის ხარისხის მაჩვენებელი ქვეყანაში, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი, ყველა საარჩევნო ადმინისტრატორი, თანაბრად მონაწილეობს და ყველა მათგანის როლი თანაბრად მნიშვნელოვანია. სწორედ მათ ხედავთ ახლა ჩემ გვერდით. ეს არის ის არასრული შემადგენლობა საარჩევნო ადმინისტრატორებისა, რომლებიც ემსახურებიან საზოგადოებას, ამომრჩევლებს და ქართულ დემოკრატიას. ჩვენი გუნდი შრომობს და ყველაფერს გააკეთებს, რომ თითოეულმა ამომრჩეველმა გამოიყენოს მისი კონსტიტუციური უფლება, ხმა მისცეს თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში. მინდა მივმართო მათ, მოვიდნენ არჩევნებზე და იყვნენ დარწმუნებული, რომ ჩვენი, ცენტრალური თუ ადგილობრივი საარჩევნო კომისიების ძალისხმევით, მათ ექნებათ უსაფრთხო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები