ია მეტრეველი: სააკაშვილმა მადლობა თქვას, რომ ისეთ ციხეში არაა, როგორიც თავად ჰქონდა შექმნილი

“მიხეილ სააკაშვილმა მადლობა თქვას, რომ ისეთ ციხეში არაა, როგორიც თავად ჰქონდა შექმნილი”, – ამის შესახებ მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მეტრეველის თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასჯელი ბოლომდე უნდა მოიხადოს.

” სააკაშვილს რაც შეეხება: უკვე ძალიან დავიღალეთ ყოველ წუთს და მთელი დღე ინფორმაციით იმის შესახებ, თუ როგორაა, რა დალია და ა. შ. მიმაჩნია, რომ ის არანაირად არ შიმშილობს. გადასხმებს, მედიკამენეტებს კარგად იღებს. ასევე, თაფლით და რაღაც წვენებით იკვებება მშვენივრად. ეს არ არის შიმშილობა. შიმშილობა სულ სხვა რამეს წარმოადგენს. კონსილიუმი შედგა, მას სასიკვდილო არაფერი სჭირს. სადაც ბრძანდება, იქ უნდა იყოს. მადლობა თქვას, რომ იმ პირობებში არაა, რა პირობებში თავად ჰყავდა ხალხი. ცუდად ვხდები, კადრებს ვერც ვუყურებ: ციხეში რიგ-რიგობით უნდა დაეძინათ პატიმრებს, დაჯდომის საშუალება არ ჰქონდათ, ფეხზე იდგა ნაცემი, გაუბედურებული ხალხი. უამრავი დაიღუპა, თუ ვინმე გამოვიდა, დაინვალიდებული და გაუბედურებული. მადლობა თქვას, რომ ისეთ ციხეში არაა, როგორიც თავად ჰქონდა შექმნილი.

აქეთ ულტიმატუმებს აყენებს, სამოქალაქო საავადმყოფო ნებავს. ციხის საავადმყოფო აჩვენეს, სადაც შესანიშნავი პირობებია. მან უნდა მოიხადოს სასჯელი, რაც ეკუთვნის. სამუდამო პატიმრობა ეკუთვნის და არა – 6 წელი. საქმეები, რაც აღძრულია, ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი. მას ციხეში ყოფნა კარგა ხნით მოუწევს.

მან ჩემნაირად გაანადგურა ოჯახები. ცოცხლები გვქვია,  თორემ არ ვცოცხლობთ, ჩვენთვის ცხოვრება დასრულდა და ჯოჯოხეთში ვართ. ქუჩაში 160 ბიჭი ჰყავს დახვრეტილი უდანაშაულოდ”, – განაცხადა მეტრეველმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები