ევროპის მარეგულირებელმა Moderna-ს ვაქცინის ბუსტერ დოზის გამოყენების ნებართვა გასცა
ევროპის წამლების სააგენტომ (EМА) 18 წლიდან პირებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Moderna-ს ვაქცინის – Spikevax-ის ბუსტერ დოზის გამოყენების ნებართვა გასცა.
ამის შესახებ მარეგულირებლის განცხადებაშია ნათქვამი.
ვაქცინა Spikevax, ჩვეულებრივ, 12 წლის ზემოთ პირებისთვის არის განკუთვნილი, რომელიც ორი დოზის სახით შეჰყავთ 4 კვირის ინტერვალით.
სააგენტოს მონაცემით, ბუსტერ დოზები რეკომენდებულია მეორე დოზის მიღებიდან 6-8 თვის შემდეგ, როდესაც ადამიანის ორგანიზმში ანტისხეულების დონე შემცირებას იწყებს.
მარეგულირებელში აცხადებენ, რომ ბუსტერ დოზის უსაფრთხოების დონე მეორე დოზის დონეს შეესაბამება.
„ბუსტერ დოზის შეყვანის შემდეგ, გულის ანთებითი დაავადების ან სხვა იშვიათი გვერდითი ეფექტების რისკის მონიტორინგი მიმდინარეობს”, – აღნიშნეს EMA-ში.
ოქტომბრის დასაწყისში მარეგულირებელმა ანალოგიური რეკომენდაცია გასცა BioNTech/Pfizer-ის ვაქცინისთვის.