“ახლა უფრო ფრთხილად იქნებიან” – ერდოღანი ქვეყნიდან 10 ქვეყნის ელჩებს აღარ გააძევებს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ თაიფ ერდოღანი ქვეყნიდან 10 ქვეყნის ელჩებს აღარ გააძევებს.

ამის შესახებ AFP წერს.

ერდოღანმა დიპლომატების გაძევება მას შემდეგ გადაიფიქრა, რაც შეერთებულმა შტატებმა და რამდენიმე სხვა ქვეყანამ გააკეთეს განცხადებები, რომ ისინი იცავენ გაერო-ს კონვენციას, რომელიც დიპლომატებისგან მოითხოვს, არ ჩაერიონ მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში.

როგორც ერდოღანმა განაცხადა,  ახალი განცხადება “გვიჩვენებს, რომ მათ უკან გადადგეს ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ცილისწამებისგან” და “ახლა უფრო ფრთხილად იქნებიან”.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი არ დაუშვებს ელჩების ჯგუფის ჩარევას ქვეყნის სასამართლო სისტემის საქმიანობაში. მისი თქმით, „ასეთი დამოკიდებულება არის დიდი შეურაცხყოფა თურქეთის სასამართლო ხელისუფლების ყველა წარმომადგენლის, მათ შორის, მოსამართლეების, პროკურორებისა და ადვოკატების მიმართ“.

10 ქვეყნის ელჩებმა რამდენიმე დღის წინ გააკეთეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ისინი ბიზნესმენისა და ფილანტროპის, ოსმან კავალას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ბიზნესმენი ოსმან კავალა თურქეთში ოთხი წლის წინ დააკავეს და მას თავდაპირველად ბრალად ედებოდა 2013 წლის გეზის პარკის გამო გამართულ პროტესტებთან და შემდგომ არეულობებთან კავშირი. გასულ წელს მას 2013 წლის მოვლენებთან დაკავშირებული ბრალდებები მოუხსნეს, თუმცა, წელს ეს გადაწყვეტილება გაუქმდა და დაკავებულის წინააღმდეგ დაემატა ახალი საქმე, რომელიც 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები