თეა წულუკიანი „ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალის“ დახურვის ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი მესხეთის (ახალციხის) პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში „ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალის“ დასკვნით ღონისძიებას დაესწრო, – ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საღამოზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა შეკრებილ საზოგადოებას ამცნო, რომ მომავალი წლიდან სამინისტრო მესხეთის თეატრის აღდგენას დაიწყებს.

„მიუხედავად ბევრი სირთულისა, მიუხედავად პანდემიისა დღეს მესხეთის თეატრში წარმატებით დავხურეთ ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალი. მე მქონდა შესაძლებლობა, დახურვის ცერემონიალში მიმეღო მონაწილეობა და მენახა, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, მაყურებელი არის აქ (როგორც ყოველთვის ამ რეგიონში) ძალიან აქტიური. ჩემთვის მნიშვნელოვანია ასევე, რომ ისინი კმაყოფილებით შეხვდნენ კულტურის სამინისტროს ინიციატივას, რომ უკვე მომავალი საბიუჯეტო წლიდან მესხეთის თეატრის ეს უნიკალური შენობა იქნება რეაბილიტაციის ნუსხაში და ჩვენ დავიწყებთ მის აღდგენას, რათა ამ თეატრს, ამ დასსა და ამ რეგიონს ჰქონდეს თეატრი, რომელსაც ის იმსახურებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

„ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალი“ უკვე მეექვსედ ტარდება და მაყურებელს აძლევს საშუალებას, იხილოს სხვადასხვა თეატრის წარმოდგენები. წელს ფესტივალში 14-მა თეატრალურმა კოლექტივმა მიიღო მონაწილეობა და ნაჩვენები იყო 18 საფესტივალო სპექტაკლი. ფესტივალი დაიხურა იოანე (ვანო) ხუციშვილის სპექტაკლით – ,,სტუმარ მასპინძელი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები