დიმიტრი ხუნდაძე: საუკეთესო გამოსავალია არა მხოლოდ „ნარკანის” დროულად მოხმარება, არამედ ის, რომ ნარკოტიკები საერთოდ არ მოვიხმაროთ

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ანტინარკოტიკული პოლიტიკის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, გასცეს რეკომენდაცია პრეპარატ „ნარკანის” ხელმისაწვდომობის შესახებ ნარკოტიკების ზედოზირების მოხმარების შემთხვევაში, რათა დაზღვეულ იყოს ლეტალური შემთხვევები.

პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტში შექმნილი ანტინარკოტიკული პოლიტიკის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა იმ პასუხისმგებელ უწყებათა წარმომადგენლებთან შედგა, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი ნარკოპოლიტიკის ფორმატში კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და დარგის სპეციალისტებთან ერთად პრეპარატ „ნარკანის” სააფთიაქო ქსელიდან გაცემის წესის საკითხზე იმსჯელეს.

„ჩვენი რეკომენდაციაა, რომ, ნარკოტიკების ზედოზირების მოხმარების შემთხვევაში, რათა დაზღვეულ იყოს ლეტალური შემთხვევები, ამ დროს საჭირო მოხმარების პრეპარატი „ნარკანი” ხელმისაწვდომი იყოს ყველა აფთიაქში და ის რეცეპტის გარეშე გაიცემოდეს. ვფიქრობ, ეს იქნება საშუალება იმისა, რომ ზედოზირების მოხმარების შემთხვევაში ქვეყანაში შემცირდეს ლეტალობის შემთხვევები. თუმცა, რა თქმა უნდა, საუკეთესო გამოსავალია არა მხოლოდ „ნარკანის” დროულად მოხმარება, არამედ ის, რომ ნარკოტიკები საერთოდ არ მოვიხმაროთ”, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები