სუდანში საპროტესტო აქციაზე 12 ადამიანი დაშავდა – ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

სუდანის გარდამავალი სუვერენული საბჭოს თავმჯდომარე აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანმა საბჭო და მთავრობა დაითხოვა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა.

ალ-ბურჰანის თქმით, შეიარაღებული ძალები აგრძელებენ სამოქალაქო მთავრობისთვის ხელისუფლების დემოკრატიული გადაცემის პროცესს.

მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები საფრთხისშემცველი იყო.

ამასთან, ჰართუმის რიგ რაიონში ინტერნეტია მიუწვდომელი, ქალაქში შესასვლელი გზები და ხიდებია ბლოკირებული.

ამასთან, ქალაქის ქუჩებში ხალხი გავიდა, რომლებიც ქვეყნის პრემიერისა და მთავრობის მაღალჩინოსნების დაპატიმრებას აპროტესტებდა. ისინი საბურავებს წვავდნენ.

მედიის ინფორმაციით, ამჟამად, 12 დაშავებულის შესახებ არის ცნობილი.

სუდანში ვითარება გვიან ღამით შეიცვალა, როდესაც სამხედროებმა ქვეყნის პრემიერმინისტრი საკუთარ სახლში დაატყვევეს და თანამდებობიდან რამდენიმე მინისტრი, მათ შორის, მაღალჩინოსნები გადააყენეს.

მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ პრემიერი დაუდგენელი მიმართულებით არის წაყვანილი.

სუდანში 2019 წლის აპრილში სამხედრო გადატრიალება მოხდა, რომელიც სახალხო პროტესტმა გამოიწვია ღრმა ეკონომიკური კრიზისისა და ცხოვრების დონის დაქვეითების ფონზე. მაშინ პრეზიდენტი, ომარ ალ-ბაშირი, რომელიც ქვეყანას 30 წლის განმავლობაში მართავდა, ხელისუფლებას ჩამოაშორეს და მოგვიანებით დააპატიმრეს.

იმავე წლის აგვისტოს ბოლოს, სუდანის გარდამავალი სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელმა, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანმა ფიცი დადო სუვერენული საბჭოს ხელმძღვანელად. სუდანის ახალმა პრემიერმინისტრმა, აბდულა ჰამდუკმა ფიცი 2019 წლის 21 აგვისტოს დადო. სამხედრო და სამოქალაქო ხელისუფლება შეთანხმდნენ გარდამავალ პერიოდზე ფართომასშტაბიანი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმებისთვის.

გარდამავალი სუვერენული საბჭოს უფლებამოსილების ვადა ნოემბერში იწურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები