სუდანში სამხედრო გადატრიალებაა – პრემიერი გატაცებულია, ოპოზიცია ხალხს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებს

სუდანში სამხედრო გადატრიალებაა. ოთხი მინისტრი, ასევე, მაღალი რანგის ჩინოვნიკები დაკავებულნი არიან. არმიამ დედაქალაქში შესასვლელი ყველა გზა და ხიდი დაბლოკა.

აჯანყებულმა სამხედროებმა დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს ქვეყნის პრემიერმინისტრი, აბდალა ჰამდუკი. მანამდე, ის საკუთარ სახლში ჰყავდათ ჩაკეტილი. როგორც ინფორმაციის სამინისტროს სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამხედროებმა ჰამდუკი დაუდგენელი მიმართულებით მას შედეგ წაიყვანეს, რაც მან გადატრიალების მხარდაჭერაზე უარი თქვა.

დაკავებულთა შორის არიან კომუნიკაციის, ინფორმაციის, ფინანსებისა და მრეწველობის მინისტრები. ასევე, ჰართუმის გუბერნატორი და ქვეყანაში მმართველი სუვერენული საბჭოს ერთ-ერთი წარმომადგენელი.

მედია წერს, რომ ამჟამად ჰართუმში მსხვილმა ავიაკომპანიებმა რეისების განხორციელება შეაჩერეს.

ამის პარალელურად, ქუჩაში ხალხის გამოსვლები დაიწყო, რომლებიც “ძალაუფლების უზურპირების წინააღმდეგ არიან”. აქციის მონაწილეები საბურავებს უკიდებენ ცეცხლს.

Al Arabiya-ს ინფორმაციით, უახლოეს საათებში მოსალოდნელია, რომ სუვერენული საბჭოს ხელმძღვანელი, ფატაჰ ალ-ბურჰანმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის შესახებ განაცხადებს.

სუდანში 2019 წლის აპრილში სამხედრო გადატრიალება მოხდა, რომელიც სახალხო პროტესტმა გამოიწვია ღრმა ეკონომიკური კრიზისისა და ცხოვრების დონის დაქვეითების ფონზე. მაშინ პრეზიდენტი, ომარ ალ-ბაშირი, რომელიც ქვეყანას 30 წლის განმავლობაში მართავდა, ხელისუფლებას ჩამოაშორეს და მოგვიანებით დააპატიმრეს.

იმავე წლის აგვისტოს ბოლოს, სუდანის გარდამავალი სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელმა, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანმა ფიცი დადო სუვერენული საბჭოს ხელმძღვანელად. სუდანის ახალმა პრემიერმინისტრმა, აბდულა ჰამდუკმა ფიცი 2019 წლის 21 აგვისტოს დადო. სამხედრო და სამოქალაქო ხელისუფლება შეთანხმდნენ გარდამავალ პერიოდზე ფართომასშტაბიანი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმებისთვის.

გარდამავალი სუვერენული საბჭოს უფლებამოსილების ვადა ნოემბერში იწურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები