თორნიკე რიჟვაძე: 2025 წლისთვის ავარიული სახლების პრობლემა ბათუმში სრულად უნდა აღმოვფხვრათ

“უკვე რამდენიმე წელია, რაც დავიწყეთ ბათუმში არასტანდარტული საცხოვრისის პრობლემის მოგვარება. თუმცა, ეს იყო ლოკალური, მუნიციპალური პროგრამა. ავარიული სახლების რაოდენობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ ამ პროგრამას მიეცეს სამთავრობო პროგრამის სახე შესაბამისი დაფინანსებით”, – ამის შესახებ ტელეკომპანია იმედის ეთერში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკვე არსებობს კონკრეტული გეგმა და მობილიზებულია რესურსი, რათა ეს პრობლემა გადაიჭრას.

„ავარიული სახლების რაოდენობა 140-ს აღემატება, თუმცა, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ ეს რიცხვი პოტენციურად ალბათ ორჯერ გაიზრდება. დღეს გამოვლენილია 1400-მდე ოჯახი, რომლებსაც წლების განმავლობაში ავარიულ პირობებში უწევთ ცხოვრება. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ, პირველ ეტაპზე, მომავალი წლიდან დავაკმაყოფილებთ 650-ზე მეტ ოჯახს – ეს მოხდება როგორც აჭარის მთავრობის, ასევე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო ფონდიდან. ეს ადამიანები გააგრძელებენ ცხოვრებას ნორმალურ პირობებში და მათ გარემონტებულ ბინებს გადავცემთ. წელს ბათუმის მერიამ დაიწყო ე.წ .შანხაის დასახლებაში ახალი საცხოვრისის მშენებლობა 150-ზე მეტი ოჯახისთვის და, ჯამურად, ეს სამთავრობო პროგრამა 4 წელზე იქნება გათვლილი. ყოველწლიურად აჭარის მთავრობა ახალი საცხოვრისის ასაშენებლად 20 მილიონ ლარს გამოუყოფს ბათუმის მერიას და ამაში მაქსიმალურად ჩაერთვება კერძო სექტორიც. 2025 წლისთვის ეს პრობლემა სრულად უნდა აღმოვფხვრათ – დაკმაყოფილდება 3000-ზე მეტი ოჯახი და გადაიჭრება 300-ზე მეტი ავარიული კორპუსის პრობლემა“, – აცხადებს აჭარის მთავრობის მეთაური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები