პროკურატურამ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ ა.შ.-ს განზრახ მკვლელობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა ტარებისთვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა შენახვისთვის ბ.ლ.-ს ბრალი წარუდგინა.

ასევე, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში – პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვისთვის ლ.რ.-ს, ხოლო პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობისთვის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბ.ხ-ს ბრალი წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 18 ოქტომბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქ.თბილისში, ა.შ-ს საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან ბ.ლ-მ მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან რამოდენიმე გასროლით, განზრახ მოკვლის მიზნით სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა ა.შ-ს, მიყენებული დაზიანებების შედეგად იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილიდან ბ.ლ დაუკავშირდა ბ.ხ-ს და დახმარება სთხოვა მიმალვაში. ბ.ხ-მ ავტომანქანით მიაკითხა ბ.ლ-ს, რა დროსაც ამ უკანასკნელისგან შეიტყო, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რის შემდეგაც იგი დანაშაულის დაფარვის მიზნით, მის მფლობელობაში არსებული ავტომობილით ბ.ლ-ს მიმალვაში დაეხმარა. გატარებული სამძებრო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დადგინდა ბ.ლ-ს ადგილსამყოფელი, რა დროსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და მისგან ამოღებულ იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.

ასევე, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პროცესში დადგინდა ბ.ხ-ს ადგილსამყოფელი, რომელიც იმალებოდა მეგობრის ლ.რ-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც საგამოძიებო მოქმედებების მიზნით მისულ პოლიციის თანამშრომლებს ბ.ხ. დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ხელყუმბარას მოაძრო რგოლი და მოიყვანა საბრძოლო მოქმედებაში. ბ.ხ-ს დაკავებაში პოლიციის თანამშრომლებს ხელი შეუშალა და წინააღმდეგობა გაუწია ლ.რ-მ, რითაც ისარგებლა ბ.ხ-მ და ხელყუმბარა ისროლა საცხოვრებელი კორპუსის ქვემოთ მდგომი პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით. ხელყუმბარა დაეცა იქვე მდებარე ავტოფარეხის თავზე და არ აფეთქდა.

ხელყუმბარა გამნაღმველების დახმარებით განეიტრალდა. პოლიციის თანამშრომლების მიერ დაკავებულ ბ.ხ.-ს პირადი ჩხრეკისას ასევე აღმოაჩნდა ხელყუმბარა, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა. ხოლო პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე დაკავებული ლ.რ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. ბ.ლ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა) რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლიდან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლ.რ-ს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით,ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა) რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლიდან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბ.ხ-ს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19-353-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით ( პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და მართლსაწინააღმდეგო ტარება, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები